მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი ბაზა ტურიზმის სექტორისთვის და ₾6 000-მდე გაზრდილი ჯარიმები - პარლამენტმა კანონი დაჩქარებულად მიიღო

ტურიზმი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, III მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი „ტურიზმის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს, რომლის თანახმადაც ტურისტულ გიდებს, ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს ეკონომიკური რეესტრის ნაცვლად, სპეციალურ „ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში“ რეგისტრაცია დაევალებათ.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში 2026 წლის 1-ელი ივნისიდან შევა, ხოლო ახალი სანქციების ამოქმედება 2027 წლიდან იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, მოქმედი რედაქციიდან სრულად არის ამოღებული ის მუხლები, რომლებიც ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებდა. შესაბამისად, დაკორექტირდა სუბიექტების (ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურაგენტი) სტატუსი და განისაზღვრა მათი ახალი ვალდებულება:

  • ახალი ბაზა: მონაცემთა აღრიცხვის მიზნით, სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან დარეგისტრირდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში“.
  • ტერმინოლოგიური ცვლილება: მოქმედი კანონიდან ამოიღეს ტერმინები — „ალპური გამყოლი“, „სათხილამურო გამყოლი“, „სამთო გამყოლი“ და მათთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლები.

ახალი კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების ნუსხასა და მათი განხორციელების წესს.

  • დაზღვევის ვალდებულება: მთავრობა დაადგენს იმ რისკის შემცველ საქმიანობებს, რომელთა მიმწოდებლებსაც პროფესიული ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობა დაევალებათ.
  • სერტიფიცირება და ნებართვები: რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის პერსონალის სერტიფიცირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოახდენს. ცალკეულ შემთხვევებში, მომსახურების მიწოდების უფლებას გასცემს თავად ადმინისტრაცია ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტი.

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა დაამტკიცოს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა, საქმიანობის წესი, ტექნიკური რეგლამენტი და პერსონალის სერტიფიცირების პირობები.

როგორ იცვლება ჯარიმები 2027 წლიდან:

კანონპროექტით მნიშვნელოვნად იცვლება და მკაცრდება სანქციები დარღვევებზე:

დარღვევის ტიპი პირველადი სანქცია განმეორებითი ჩადენა
რისკის შემცველი მომსახურება სერტიფიკატის გარეშე 3 000 ლარი (აქამდე იყო 1 000 ლარი) 6 000 ლარი
რისკის შემცველი მომსახურება ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით გაფრთხილება ან 1 500 ლარი 3 000 ლარი
საქმიანობა ტურისტულ ბაზაში რეგისტრაციის გარეშე 500 ლარი 1 000 Lari
ტურიზმის ადმინისტრაციისთვის უზრუნველყოფის წარუდგენლობა 1 000 ლარი 2 000 ლარი
საქმიანობა გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის გარეშე 1 500 ლარი 3 000 ლარი
საქმიანობა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე 1 000 ლარი 2 000 ლარი
ზედამხედველისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა გაფრთხილება ან 500 ლარი 1 000 ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები