საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანია Logistics Solutions-ი, რომელიც 2026 წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქმიანობის გეოგრაფიას აფართოებს და ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე შედის.
აშშ, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - ეს ის სამი ქვეყანაა, სადაც Logistics Solutions-ი წელს ფილიალებს გახსნის.
2026 წლის გეგმებსა და აღნიშნულ ქვეყნებში ახალი ოფისების გახსნის ფაქტორებზე კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ცანკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„მთავარი მოტივატორი, რატომაც უზბეკეთის ბაზარზე შესვლა გადავწყვიტეთ ის არის, რომ უზბეკეთში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება - დიდი ინვესტიციები იდება და ქვეყანაში ბევრი რამე ხდება. ბევრი ინვესტიცია კი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა ბევრი ტვირთის გადაადგილება, იმპორტი თუ ექსპორტი და არ გვინდა, ამ ყველაფერმა ჩვენს გარეშე ჩაიაროს. ახლა [ტაშკენტში] კომპანიის რეგისტრაციის პროცესში ვართ“, - ასე ასაბუთებს ბიზნესმენის უზბეკეთის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებას.
ამერიკის მიმართულებით კი, კომპანია ორიენტირებულია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე.
„რაც შეეხება ამერიკას, აშშ-ის ბაზარზე უფრო ორიენტირებული ვართ ჩვენს კლიენტებზე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან. ჰიუსტონი არის ერთ-ერთი ჰაბი და ამ სექტორში მომუშავე კომპანიების სათავო ოფისები, ძირითადად, იქ მდებარეობს. ძალიან ბევრი ტვირთი მოდის ამერიკიდან და ამიტომ იქ უკვე დავიწყეთ ოპერირება”, - აცხადებს ირაკლი ცანკაშვილი.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რეგიონალური ოფისის გახსნის გადაწყვეტილებას კი, Logistics Solutions-ის მენეჯმენტში მზარდი მოთხოვნით ხსნიან.
„არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რეგიონალური ოფისის გახსნა კომპლექსურ ლოგისტიკურ პროექტებზე იმ მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ გადავწყვიტეთ, რომელიც შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებშია, სადაც ჩვენი კომპანიაც სულ უფრო მეტად არის ჩართული. დუბაიდან კი, ამ რეგიონის მართვა ყველაზე ოპტიმალურია“, - გვიყვება ბიზნესმენი.
Logistics Solutions-ის მიმდინარე წლის გეგმებში შედის ქალაქ ფოთში ერთ-ერთი ტერმინალის მართვაში შესვლაც.
„ფოთის ტერმინალი კომპანიის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია; სამწუხაროდ, ყველა დეტალს ჯერ ვერ გავაჟღერებ, რადგან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ცანკაშვილმა.
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Logistics Solutions-ი უკვე აქტიურად ოპერირებს 4 კონტინენტზე - ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში. კომპანიის მენეჯმენტი 2025 წლის შედეგებით კმაყოფილია და მიაჩნიათ, რომ 2026 წელიც აქტიურად დაიწყო.
„2025 წელს, საკმაოდ საინტერესო მსხვილი პროექტები გვქონდა შუა აზიის მიმართულებით, თუმცა საქართველოს გავლით. უნიკალური ტვირთები გავატარეთ - ვგულისხმობ ისეთი გაბარიტის ტვირთებს, რომელიც, ფაქტობრივად, გაუტარებელი იყო მაგრამ შევძელით - სწორედ აქ იკვეთება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა - ძლიერი საინჟინრო გუნდი, რომელსაც შეუძლია ტექნიკურად რთული, არასტანდარტული და მაღალი რისკის ტვირთების გადაზიდვის დაგეგმვა და განხორციელება.
2026 წელიც აქტიურად დავიწყეთ: გერმანიის ფილიალმა დაიწყო ჰამბურგთან მშენებარე LNG ქარხნის სრული ლოგისტიკური მომსახურება; ყაზახეთის ოფისი ორგანიზებას უწევს ტრანსფორმატორებისა და ძაბვის რეაქტორის გადაზიდვას იგეგმება ახალი კონტრაქტის შესრულება აფრიკაში; ასევე, კომპანია მონაწილეობს მსხვილ ტენდერებში კასპიის რეგიონსა და შუა აზიაში“, - აცხადებს Logistic Solutions-ის დამფუძნებელი.
„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფნის“ მიმზიდველობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ჯერ კიდევ სანქციების ქვეშაა და ევროპული ტვირთების გატარება იქ აკრძალულია… აქტუალურია საქართველოს მარშრუტი და ტრანზიტი. ამდენად, შუა დერეფანზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინფრასტრუქტურაც ძალიან სწრაფად უმჯობესდებოდეს - რათა გამართულებმა შევძლოთ ამ მოცულობის გატარება და მოთხოვნის დაკმაყოფილება“, - აღნიშნა ირაკლი ცანკაშვილმა.



























