საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შეზღუდვებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უცხოურ დაფინანსებას თითქმის მთლიანად აქცევს სამთავრობო კონტროლის ქვეშ, აწესებს სტიგმატიზებულ იარლიყებს და აქტივისტებსა თუ დამოუკიდებელ გაერთიანებებს მკაცრი ფინანსური სანქციებითა და პატიმრობით ემუქრება.
"საქართველოს ხელისუფლების მიზანი კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებაა. ხელისუფლება ქმნის სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ჯგუფებს უსაფრთხოდ ფუნქციონირება, დაფინანსების შენარჩუნება ან იმ თემების მხარდაჭერა, რომლებიც მათზე არიან დამოკიდებულნი, აღარ შეუძლიათ", - აცხადებს ჰიუ უილიამსონი, HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი.
ანგარიშის მოსამზადებლად ორგანიზაციამ ინტერვიუები 15 ქართველ აქტივისტთან, იურისტთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ჩაწერა. მათ შექმნილი მტრული გარემო აღწერეს, რამაც თვითცენზურა, კადრების გადინება, ფინანსური სირთულეები და ბენეფიციართა მხრიდან დახმარების თხოვნის მორიდება.
საკანონმდებლო რეგულაციები და შეზღუდვები
HRW-ის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ბოლო წლებში მიღებული რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება:
- "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი (2024 წ.): ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები". იუსტიციის სამინისტროს ეძლევა უფლებამოსილება, მოითხოვოს ორგანიზაციებისგან პერსონალური და სენსიტიური ინფორმაცია. კანონის თანახმად, დაურეგისტრირებლობა 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში აქტიური 3,987 არასამთავრობო ორგანიზაციიდან მხოლოდ 385 დარეგისტრირდა ამ სტატუსით.
- "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" (2025 წლის აპრილი): კანონი უფრო ფართო შეზღუდვებსა და მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური ძალის მითითებით ან დაფინანსებით, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს აგენტად, თუ მისი საქმიანობა მიმართულია ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე, ან საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისკენ. კანონის მოთხოვნების უმცირესი დარღვევაც კი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - 5 წლამდე პატიმრობას.
- ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში (2025 წლის აპრილი): უცხოურ დაფინანსებას უშუალოდ სამთავრობო კონტროლის ქვეშ აქცევს. დონორებმა გრანტის გაცემამდე უნდა მიიღონ მთავრობის თანხმობა. მთავრობის დადგენილებით, გრანტის მიზნები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო პრიორიტეტებსა და ინტერესებს. ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება ისჯება ორმაგი ოდენობის ჯარიმით, ხოლო 2026 წლის მარტის ცვლილებებით, ამ დარღვევისთვის 6 წლამდე პატიმრობაც კი დაწესდა.
უარყოფილი გრანტები და საბანკო ანგარიშების გაყინვა
HRW-ის ინფორმაციით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ უცხოური გრანტების დამტკიცებაზე უარი თქვა. მათ შორის იყო გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ოთხი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგს ისახავდა. ასევე უარყოფილ იქნა ლგბტ თემის ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი პროექტი.
გარდა ამისა, 2025 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში (რომელიც "საბოტაჟის" მუხლით მიმდინარეობს და უკავშირდება 2024 წლის საპროტესტო აქციებს), ხელისუფლებამ 12 დამოუკიდებელ ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები გაუყინა, რამაც მათი საქმიანობის პარალიზება გამოიწვია. მათ შორის არიან "სამართლიანი არჩევნები" (ISFED), "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI), კავშირი "საფარი", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და სხვები.
გავლენა სექტორზე და რეგიონულ ორგანიზაციებზე
ანგარიშში მოყვანილია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ 2025 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხული ორგანიზაციების 96%-მა მწვავე ფინანსური სირთულეები დაასახელა, ხოლო 94%-მა შეამცირა აქტივობები ან საერთოდ შეაჩერა მუშაობა.
შეზღუდვების გამო, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) იძულებული გახდა შეეჩერებინა უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა და რესურსები სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე მიემართა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რეგიონული ორგანიზაციები - 2024 წელს მოქმედი 114 სათემო ორგანიზაციიდან 2025 წელს ფუნქციონირებას მხოლოდ 37 აგრძელებდა.
რეკომენდაციები
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საქმიანობის საფრთხედ აღქმა. მათ უნდა გააუქმონ ეს რეპრესიული კანონები, დაასრულონ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები დამოუკიდებელი ჯგუფების წინააღმდეგ, განბლოკონ ორგანიზაციების აქტივები და აღადგინონ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობები", - განაცხადა უილიამსონმა.
ამასთანავე, ორგანიზაცია მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ კანონების მიღებასა და აღსრულებაზე, და სასწრაფოდ გააფართოონ მხარდაჭერა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.




























