FedEx საქართველოს დირექტორი ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ კომპანიის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა დასრულდა, თუმცა ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში გასაშვებად თბილისის მერიისგან ნებართვას ელიან. ახალი ცენტრის ასაშენებლად კომპანიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან 12 მლნ ლარის მოცულობის გრძელვადიანი სესხი მიიღო.
"პროექტი დასრულებულია. საკმაოდ რთული სამი წელი გავიარეთ, იმიტომ, რომ ამ ხარისხის მშენებლობა მარტივი არ იყო, რადგან საქართველოში ნაკლებად არის ასეთი დონის მშენებლობების გამოცდილება. შესაბამისად, პროცესი ძალიან რთული იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წარმატებით გავართვით თავი. მოგვიწია, რომ საქართველოში არსებული რეგულაციებით გაგვეკეთებინა პროექტი და ასევე აუცილებელი იყო, რომ ამერიკული სტანდარტებიც დაგვეცვა.
გავიარეთ პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს "112-ის ჩაბარებას", ეს ნიშნავს, რომ ხანძრის უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ. ახლა ექსპლუატაციაში მიღების განაცხადს შევიტანთ მერიაში და სულ ეს არის. შესაბამისად, ძალიან მალე უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო ლოგისტიკური სერვისი", - განაცხადა მენთეშაშვილმა "საქმიან დილაში".




























