კავკასიის ველო ქსელი წელს ტურისტული მიმართულების გაფართოებას და ახალი, განსხვავებული მარშრუტების შეთავაზებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მარ მიხელიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, მთავარი აქცენტი უნიკალურ გამოცდილებაზე კეთდება, რის ფარგლებშიც კომპანია ცდილობს, უკვე არსებული სტანდარტული ტურებისგან განსხვავებული პროდუქტები შექმნას.
მისი თქმით, 2026 წლის გეგმებში შედის რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის ორდღიანი ან სამდღიანი ველოტური რაჭაში, რომელიც სპეციალურად დაგეგმილი, არატრადიციული მარშრუტით გაიმართება. ასევე განიხილება ვაშლოვანში ტურის გამეორება, თუმცა ამჯერად განსხვავებული ტრასით.
„გვინდა, რომ მომხმარებელს სულ რაღაც ახალი შევთავაზოთ – მაგალითად, ფშავში გვაქვს მარშრუტი, რომელსაც უფრო "აღმოჩენას" ვეძახით, რადგან კლასიკურ ველომარშრუტად არ ითვლება, თუმცა ძალიან საინტერესოა“, – აღნიშნავს მიხელიძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანია აგრძელებს უკვე დამკვიდრებულ პროექტებსაც. მათ შორისაა „გურული ველო დღეები“, რომელიც ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს იმართება და წელს მეხუთედ ჩატარდება. როგორც მიხელიძე განმარტავს, ამ პროექტის ფარგლებში მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, რაც მონაწილეებისთვის ახალ გამოცდილებას ქმნის. მისივე თქმით, კომპანია პრინციპულად ერიდება ერთი და იგივე მარშრუტების განმეორებას, განსხვავებით სხვა ოპერატორებისგან, რომლებიც მომხმარებელს სტანდარტულ ტურებს სთავაზობენ.
პარალელურად, მიხელიძე ველო ტურიზმის განვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მიმართულება საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლიდან იღებს სათავეს. მისი შეფასებით, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინტერესიც.
„ველოტურები საქართველოში დიდი ხანია ტარდება, თუმცა ახლა უკვე აშკარად ვხედავთ აქტივობის ზრდას. გაიზარდა მოთხოვნა როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისგან, ისე კორპორატიული სეგმენტიდან - კომპანიები ხშირად მოგვმართავენ თანამშრომლებისთვის ტურების ორგანიზებისთვის“, - ამბობს მიხელიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარებისა, ტურისტული ნაკადები მაინც იზრდება. "წლევანდელ სეზონზე, მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა, მოთხოვნა მაინც გაზრდილია. მაგალითად, პირველად გვექნება ჯგუფი ახალი ზელანდიიდან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა", – აღნიშნავს ის.
მიხელიძე ყურადღებას ამახვილებს ველო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც. მისი თქმით, ველობილიკები ამ ეტაპზე ძირითადად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განვითარებული, ნაწილობრივ კი რუსთავშიც არსებობს. თუმცა, მისივე შეფასებით, საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დანია და ნიდერლანდები.
ამასთან, პოზიტიურ ტენდენციად მიიჩნევს სამოქალაქო ინიციატივების ზრდას. „სასიამოვნოა, რომ უკვე ვხედავთ ადგილობრივ ინიციატივებს – მაგალითად, ფოთში აქტივისტები და პედაგოგები ცდილობენ ბავშვებს ასწავლონ უსაფრთხოდ ველოსიპედით გადაადგილება. ეს მიუთითებს, რომ საზოგადოების დაინტერესება იზრდება და უფრო მეტი ადამიანი ხედავს ველოსიპედის მნიშვნელობას როგორც ქალაქში გადაადგილებისთვის, ისე ტურიზმისთვის,“ – აცხადებს მიხელიძე.




























