მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს და ოფიციალურად 1-ელ მარტს შევიდა ძალაში, არ მოქმედებს. მიზეზი, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების არ არსებობაა, რაზეც უწყებები პარალელურად მუშაობენ.
ორი კანონქვემდებარე აქტი მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის და ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 21 მაისს გამოქვეყნდა, რომლების დიდი ნაწილიც ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევა.
ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილების მიხედვით, პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:
- საბილეთო სალარო;
- მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი;
- მძღოლების დასასვენებელი ოთახი;
- ბაქანი (ბაქნები);
- სადისპეტჩერო;
- რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;
- საინფორმაციო სამსახური;
- ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო;
- მარშრუტზე მიმოსვლის ელექტრონული საინფორმაციო ტაბლო;
ავტოსადგურის მთელი ტერიტორიის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, სადაც ვიდეოჩანაწერის შენახვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 დღის განმავლობაში. რაც შეეხება მესამე კლასის ავტოსადგურს, უნდა გააჩნდეს:
- საბილეთო სალარო;
- არანაკლებ 15 მ2 ფართის გადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით;
- ბაქანი;
- რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;
- საპირფარეშო.
პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ.
პირველი კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, ცნობათა ბიურო და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში.
სამივე კლასის ავტოსადგურში მგზავრებისათვის არსებული ყველა სახის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ავტობუსების/მინივენების ბაქანზე ჩამოდგომის შესახებ მგზავრებს ინფორმაცია ტაბლოების საშუალებით და ასევე ხმოვანი სახით უნდა მიეწოდოთ. განისაზღვრა ავტოსადგურების სერტიფიცირების საფასური კლასების მიხედვით კერძოდ, პირველი კლასის ავტოსადგურის ფასი – 10 000 ლარი; მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი; მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი.
როდის და როგორ ამოქმედდება კანონი რეალობაში?
სტუმარი: დავით მესხიშვილი - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე;