იმპორტიორებს კი ახალი რეგულაცია შეეხოთ. 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური შეიცვალა. ახალი რეგულაციით, გარკვეულ შემთხვევებში იმპორტიორს 1 კილოგრამზე 3 ლარის გადახდა მოუწევს. ცვლილება მოიცავს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს და მასში შედის მზა ტანსაცმელი და მისი აქსესუარები, მზა ტექსტილის ნაწარმი, ფეხსაცმელი და მისი ნაწილები. ცვლილებამდე საბაჟო გაფორმების მომსახურებისთვის იმპორტიორს, შესაბამის შემთხვევებში, ფიქსირებული 500 ლარის გადახდა უწევდა. ახალი წესით კი ეს თანხა ცვლადი ხდება და იმპორტირებული საქონლის წონის მიხედვით გამოითვლება. შესაბამისად, რაც უფრო დიდია იმპორტირებული პარტია, მით უფრო მაღალია საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურიც. დადგენილებით გათვალისწინებულია რამდენიმე გამონაკლისიც. ახალი საფასური არ გავრცელდება გარკვეული სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებულ მეორად ტანსაცმელსა და შესაბამის ნახმარ ნაწარმზე, ასევე კლასიფიცირებულ ტექსტილის ნარჩენებზე. “მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი მიღების ფორმა არასამართლიანია”- რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციამ. მათი შეფასებით, საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური არაპროპორციულად დიდი თანხაა, ასეთი მასშტაბის ფინანსური გავლენის მქონე რეგულაცია სექტორთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და დიალოგის გარეშე იქნა მიღებული. ამასთან არაგონივრულად მოკლე ვადაა მიცემული: დადგენილების გამოქვეყნებიდან მის ამოქმედებამდე მხოლოდ 8 დღე გავიდა, ასეთ ვადაში კომპანიებისთვის შეუძლებელია პროცესების გადაწყობა, მით უმეტეს, როდესაც შეკვეთილი ტვირთების ნაწილი უკვე გზაშია ან გაფორმების მოლოდინშია. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე მომხმარებელს.
სტუმარი: რეზო მაღალაშვილი - სინომი რითეილის დირექტორი






























