აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. შესაბამის ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში თანამედროვე სტანდარტების ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იგეგმება. სკოლა 120 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად აღიჭურვება საჭირო სასკოლო ინვენტარით. ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი დასკვნით ეტაპზეა. ამ ეტაპზე, რიყეთი-ზარზმის მონაკვეთზე მიმდინარეობს ცენტრალური გაზის მაგისტრალის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. როგორც ცნობილია, პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც დაახლოებით 12 000-მდე აბონენტის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი დამატებით 15 200-მდე აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი.
გარდა ამისა, კურორტ გოდერძიზე დასრულდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. შენობაში ფუნქციონირებას დაიწყებს შპს „გოდერძი რეზორტი“, კურორტების განვითარების სააგენტო, საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონის განვითარებისთვის მასშტაბური პროექტების განხორციელება კვლავ პრიორიტეტად რჩება.




























