2024-2025 სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდებიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.
"საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და დამრიგებლებმა მიიღეს პორტაბელური კომპიუტერები", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მთავარი პრინციპი სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა. ახალი სახელფასო სისტემის ფარგლებში მასწავლებლის ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზარდა. კერძოდ, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდა.