სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სატვირთო გადაზიდვები, როგორც ანონსდება, “ტრამპის მარშრუტის” გახსნამდე დაიწყება. დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ სომხური და აზერბაიჯანული ტვირთები, რაც ამჟამად საქართველოს გავლით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება.
“აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთში ტვირთების გადაზიდვაზე ყაზახეთიდან, რუსეთიდან და ახლა ჩვენ მივიღეთ სომხური მხარის მოთხოვნა რუსეთში ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ. ასე, რომ ფაქტობრივად ცალმხრივად გავხსენით დერეფნები. დიახ, დღეს გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ ერთ დღეს ის სომხეთზე გაივლის. ერთ დღეს სომხური ტვირთები პირდაპირ გაივლის აზერბაიჯანზე და ეს დღე არც ისე შორსაა. ჩვენ ძალიან მჭიდრო ალიანსი დავამყარეთ თურქეთთან როგორც მოძმე ქვეყანასთან და თურქეთში უზარმაზარი ინვესტიციები გვაქვს. ჩვენი ინვესტიციები თურქეთში 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები საქართველოშიც. TRIPP-ისა და შეერთებულ შტატებთან კავშირების მეშვეობით, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის, სომხეთის, ნახიჩევანის და თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით იქნება გადაჭიმული. დამატებით საქართველოზე გამავალი დერეფნებისა. რაც მეტია მარშრუტი, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, მიმწოდებლებისა და სატრანზიტო ქვეყნებისთვის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევმა და ვაჰანგ ხაჩატურიანმა ასევე ისაუბრეს ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთის გავლით აზერბაიჯანს შორის.
"ორი და ერთი წლის წინ დაუჯერებელი იყო, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ახლა სომხეთის რესპუბლიკას შეუძლია აზერბაიჯანიდან ტვირთების მიღება საქართველოს გავლით. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ამ ტვირთის მიღებას შევძლებთ პირდაპირ ჩვენი ტერიტორიების გავლითაც. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანიდან სომხეთში, ასევე ნახიჩევანიდან სომხეთში შესაძლებელი იქნება პირდაპირი ტრანსპორტირება და ჩვენ შევძლებთ 90-იან წლებში შექმნილი პრობლემების დაძლევას", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით უკვე დაიწყო სომხეთისთვის ბენზინის მიწოდება. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბარი 2025 წლის აგვისტოში აშშ-ის მედიატორობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ გააქტიურდა.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც საერთაშორისო დახმარება ფაქტობრივად გააჩერა, პროექტს 145 მლნ დოლარით დააფინანსებს. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი მარშრუტისა.
სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ნემსაძე ამბობს, რომ ამ დერეფნის გახსნით საქართველო ტვირთების ნაწილს დაკარგავს.
“ალიევის განაცხადი, რომ მომავალში ტვირთები გადამისამართდება "ზანგეზურის დერეფნით”, უნდა ითქვას, რომ აქ არა მხოლოდ “ზანგეზურის დერეფანზეა” საუბარი. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ჩვენ “ზანგეზურის დერეფანი” გვემუქრება ტვირთების დაკარგვით და ეს უპირობოდ გვემუქრება. მოვისმინე მოსაზრებები თითქოს არა მხოლოდ დაგვაკარგვინებს რაღაც ტვირთებს, არამედ შევგძენს კიდეც, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ დანაკარგი უფრო მეტი იქნება. უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში დავკარგავთ შემდეგი მიმართულების ტვირთებს: სომხეთიდან საექსპორტო ტვირთებს ჩრდილოეთის მიმართულებით, ისევე როგორც უკუტვირთებს. ანუ შუა აზიიდან და რუსეთიდან მომავალი ტვირთები სომხეთში აღმოჩნდება აზერბაიჯანის გავლით. მოგეხსენებათ, აქამდე ერთადერთი მარშრუტი საქართველოზე ტრანზიტი იყო. ამიტომ ეს ტვირთები დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში დაიკარგება", - ამბობს ნემსაძე.
ლოგისტიკური კომპანია Hegelmann Multimodal Georgia-ს წარმომადგენელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს სატრანზიტო როლი შესუსტდება.
"აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ მომავალში სატრანზიტო ნაკადები შესაძლოა სომხეთის გავლით განხორციელდეს. ცხადია, ეს საქართველოს სატრანზიტო პოზიციებს ასუსტებს არა მხოლოდ დასავლეთ–აღმოსავლეთის მიმართულებით, არამედ ჩრდილოეთ–სამხრეთის მიმართულებითაც, სადაც საქართველო რუსულ და სომხურ ტვირთებს აკავშირებდა. მოგეხსენებათ, სომხური ტვირთები ლარსის გავლით, ანუ საქართველოს გავლით, შემდეგ რუსეთში მიემართებოდა. ახალი მარშრუტის ამოქმედების შემთხვევაში კი ტრანსპორტირება საქართველოს გვერდის ავლით, აზერბაიჯანის გავლით მოხდება. ეს პროცესი შეეხება არა მხოლოდ სომხურ და აზერბაიჯანულ სატრანზიტო ტვირთებს, არამედ ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან მომავალ ნაკადებსაც. შესაბამისად, ამ რეგიონებიდან მომავალი ტვირთების სატრანზიტო მომსახურება საქართველოს გარეშე განხორციელდება", - გვეუბნება სალომე დანელია.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის ეს პროექტი რომ მნიშვნელოვანია ამას ცოტა ხნის წინ გაფორმებული მემორანდუმიც მოწმობს. 13 იანვარს ვაშინგტონში სომხეთისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართა. მარკო რუბიოს და არარატ მირზოიანის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება “ტრამპის მარშრუტის” განვითარების კომპანია , რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს სომხეთის საკუთრება იქნება. სწორედ ეს კომპანია განავითარებს ახალ დერეფანს რეგიონში.
"ტრამპის მარშრუტი" თუ ის მართლაც განხორციელდა აზერბაიჯანისთვის შესაძლებლობა იქნება სომხეთის გავლით თურქეთს უფრო მარტივად დაუკავშირდეს. ამ ეტაპზე აზერბაიჯანული ენერგორესურსებისთვის როგორც გაზისთვის, ისე ნავთობისთვის თურქეთსა და შემდეგ უკვე ევროპაში მოხვედრის ერთადერთი გზა საქართველოზე გამავალი მილსადენებია, რომელთა მშენებლობის ეტაპზე ყარაბაღის კონფლიქტის გამო, ძვირი, მაგრამ მაინც საქართველოს მარშრუტის შეირჩა. სომხეთისთვის საქართველო აქამდე ერთადერთი მარშრუტია რუსეთიდან იმპორტ/ექსპორტისთვის.
გასული წლებისგან განსხვავებით, როცა საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყო ჩართული რეგიონის საერთაშორისო მილსადენების პროექტებში, “ტრამპის მარშრუტში” საქართველო რაიმე ფორმით ჩართული არ არის. უკვე მეორე წელია საქართველოს მთავრობას არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იწვევენ, სადაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალ სატრანზიტო შესაძლებლობაზე საუბრობენ.




























