კომპანია „დიოს“ დამფუძნებელ ირმა დაუშვილის შეფასებით, რთული პოლიტიკური გარემო ბიზნესის როგორც - გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი გეგმების განხორციელებას აჭიანურებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და მაგალითად „დიოს“ ახალი საწარმოს მშენებლობის გეგმა მოიყვანა.
„ამ პოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან ძნელია დაგეგმო რაიმე - მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე საუბარიც კი რთულია. ჩვენც გვაქვს გეგმაში ახალი საწარმოს მშენებლობა და გაფართოება, მაგრამ ძალიან ფრთხილად ვუყურებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, - თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ „თუ მოთხოვნა არ გაიზრდება, რთულია დიდი ინვესტიციის განხორციელება“.
ირმა დაუშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში „დიოს“ საექსპორტო გეგმებზეც ისაუბრა, რაზედაც კომპანიის მენეჯმენტი 2023 წლიდან ემზადება და მოთხოვნის ცვლილებასთან ერთად, რისკებს შორის, საგარეო ეკონომიკური გარემო გამოყო.
„კომპანია კვლავ მუშაობს საექსპორტო პოტენციალის განვითარებაზე, თუმცა სწრაფი გაფართოება, ჯერჯერობით, შეჩერებულია. ეს ეტაპი მოითხოვს სწორ შეფასებას - რომელ ქვეყნებში იქნება უფრო უპრიანი ჩვენი ექსპორტი, რა პროდუქტით და ა.შ.“ - აღნიშნა მან.
ირმა დაუშვილის თქმით, თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, ევროპული ბაზრების ჩანაცვლება აზიური ბაზრებით მარტივი არ იქნება, რადგან ინვესტორთა მიმართ ნდობის ფაქტორი განსხვავებულია.
„შეიძლება, მოხდეს ჩანაცვლება ევროპული ბაზრების აზიური ბაზრებით, მაგრამ აზიის ინვესტორების მიმართ ნდობა უფრო დაბალია, ვიდრე - ევროპელების, ამიტომაც სიახლეებს სიფრთხილით ვეკიდებით და გეგმებს მოზომილად ვსახავთ“, - ამბობს ბიზნესმენი.
„წერტილთან“ ინტერვიუში, „დიოს“ დამფუძნებელმა მიმდინარე წელს გაყიდვების ტენდენციაც შეაფასა.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სამშენებლო სექტორში არსებული შეფერხებები კომპანიაზე დაბალი დაგვიანებით აისახება, რის გამოც 2025 წელი სტაბილურად, თუმცა, სავარაუდოდ, ზრდის გარეშე დასრულდება.
„სტაბილური წელი გვაქვს. ვერ ვიტყვით, რომ დიდი ზრდა იყო, მაგრამ არც დიდი კლება. ალბათ იგივე შედეგზე გავალთ - არც ძალიან დიდი ზრდა იქნება და არც დიდი შემცირება“, - ამბობს „დიოს“ დამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, ისეთ სიტუაციას, როდესაც ბიზნესს არც ზრდა ეტყობა და არც კლება, ისინი სტაგნაციას უწოდებენ.
„სტაგნაციას ვეძახით... მაინც და მაინც კარგი კარგი მდგომარეობა არაა - ყოველთვის სჯობს, რომ წინსვლა იყოს“, - ამბობს ის.




























