მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სეზონი და ფილმი - რას გეგმავს “ცვალებადი ნიშნების” გუნდი?

თიბისი

ქართული სერიალი “ცვალებადი ნიშნების” პრემიერა Cavea+-ის პლატფორმაზე გასული წლის 15 ივნისს შედგა და მას შემდეგ სერიალმა ათასობით მაყურებელი დააგროვა. “ცვალებადი ნიშნების”, როგორც ბიზნესპროდუქტის მარკეტინგულ წარმატებაზე BMGTV-ის ეთერში მისმა კრეატიულმა პროდიუსერმა, გვანცა გარმელიამ ისაუბრა.

“მარკეტინგული კამპანიების დაწყებამდე ბევრი რამ გვქონდა გათვალისწინებული. ვიცოდით, რომ Gen Z-ისა და მილენიალებზე იყო სერიალი გათვლილი და ამ პროცესს ისე მივუდექით, როგორც ნებისმიერი სხვა ახალი ბრენდისა თუ პროდუქტისა და სერვისის მარკეტინგულ კამპანიას მივუდგებოდით - ვითვალისწინებდით, რა იქნებოდა საინტერესო მაყურებლისთვის, როგორც უშუალოდ სერიალში, ისე კამპანიაშიც.

ვფიქრობ, კამპანია საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, რასაც მიღებული რიცხვებიც მოწმობს. რადგან ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორიაც Gen Z იყო, ჩვენი კომუნიკაციის წარმატების მთავარი საზომიც TikTok-ი იყო, სადაც “ცვალებადი ნიშნების” “ჰაშთაგზე” ნახვები ყოველდღიურად მატულობს, ბოლოს რომ შევამოწმეთ 43 მილიონი იყო. პირველი სეზონის 12 ეპიზოდს მილიონობით ნახვა აქვს - ეს იმაზე მაღალი შედეგია, ვიდრე ველოდით”, - ამბობს გვანცა გარმელია.

“ცვალებადი ნიშნები” “თიბისის” 2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია - წლევანდელ დაჯილდოებაში ფინალისტები 5 სხვადასხვა ნომინაციისთვის 400-ზე მეტი კომპანიიდან გამოვლინდა. როგორც სერიალის კრეატიული პროდიუსერი აღნიშნავს, “ცვალებადი ნიშნების” გამარჯვება კინო ინდუსტრიისათვის პრეცედენტს შექმნის.

“ცვალებად ნიშნებს” ორი მიზანი ჰქონდა - ერთი, რომ კინოს ხარისხის სერიალი გადაგვეღო, და ცხადია, საავტორო კინო არ არის, თუმცა რეჟისორს ამ მიმართულებით უმუშავია და ხარისხითაც ძალიან ახლოსაა, მეორე კი მისი კომერციული წარმატება იყო. ხშირად ეს ორი კომპონენტი საქართველოში ერთმანეთს არ ემთხვევა და ჩვენი ამბიცია იყო, რომ დამთხვეოდა. ამ ჯილდოს მიღება კიდევ ერთი მესიჯი იქნება, რომ ეს მიმართულება ბიზნესურადაც წარმატებული და მიმზიდველია.

სერიალის გამოსვლამდე თავად ვცდილობდით Fundraising-ს და, საბედნიეროდ, ბევრი პარტნიორი ვიპოვეთ, ვისაც სერიალის წარმატების სჯეროდა. თუმცა პირველივე ეპიზოდის გასვლის შემდეგ იმდენად ბევრი ბიზნესი დაგვეკონტაქტა, რომ ზედმეტი ძალისხმევა აღარ დაგვჭირვებია ფინანსების მოსაძიებლად, უკვე ვიცით, რომ კიდევ სამი სეზონი და ფილმი იქნება”, - ამბობს გვანცა გარმელია და აღნიშნავს, რომ ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვება სერიალისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, მათ შორის უცხოეთის ბაზრის ათვისების კუთხითაც.

ცნობისთვის, “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება უკვე მეშვიდედ იმართება და ამ დრომდე მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. 2023 წლის კონკურსის გამარჯვებულები თებერვალში გამოვლინდება.