მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი შესაძლებლობა ქართული ღვინისთვის - წინანდლის მამული "Grand Jury Du Vin"-ის ღვინის სიმპოზიუმს მასპინძლობს

ღვინო

შვეიცარიული ასოციაცია „Grand Jury Du Vin”-ის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება – წინანდლის მამული ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებს და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს 4-5 ოქტომბერს მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში, მასპინძლობდა, 2023 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ღონისძიება პირველად გაიმართა საქართველოში, კერძოდ, წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

საქართველოში იმართება მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ელიტარული და პრესტიჟული ღვინის დეგუსტაცია Grand Jury Du Vin ეგიდით. აქ ჩვენ შანსი გვაქვს, ქართული ღვინოები მსოფლიოს წამყვან ღვინოებთან ერთად გაისინჯოს და შეფასდეს მაღალპროფესიონალი, ყველაზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე ღვინის სიმპოზიუმი ის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

„საქართველოში ხდება ერთის მხრივ, მსოფლიოში ალბათ ყველაზე ძვირფასი და პრესტიჟული ბურგუნდიული ღვინოების, მეორეს მხრივ კი ჩინური ღვინოების გასინჯვა, მათ შორის ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობენ ჩინელი ექსპერტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ჩინეთის ბაზარი პრესტიჟული, მზარდი და საინტერესოა ღვინის მწარმოებელი ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის ის ჩვენთვისაც ერთ-ერთი საინტერესო საექსპორტო მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ბაზარზე მაღალხარისხიან სეგმენტში პოზიციონირებისთვის ეს ძალიან კარგი პლატფორმაა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი და ქართული ღვინოები ეტაპობრივად, ყოველ წელს სხვადასხვა პრესტიჟულ ღვინოებთან ერთად გაისინჯოს, რაც მათი შედარების და ქართული ღვინოების ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ამ ღვინოებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის სიმპოზიუმი ასევე მოიცავს კულტურულ პროგრამას, რომლის ფარგლებში დამსწრე სტუმრებს ქართული ფოლკლორის გაცნობის საშუალება ექნებათ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითაების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები