მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი შოურუმი, Opel-ის საქართველოში შემოყვანა, გაყიდვების ზრდა - კომპანია "მეკრე" 2023 წელს აფასებს

ოპელი

გერმანული საავტომობილო ბრენდი - "ოპელი" საქართველოში დაბრუნდა. "ოპელის" ოფიციალური წარმომადგენელი „მეკრეა“, რომელიც საავტომობილო სფეროში 2019 წლიდან ოპერირებს და საქართველოში, მსოფლიოს უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციის "სტელანტისის" ორ ბრენდს - "სიტროენს" და ახლა უკვე "ოპელსაც" წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ "სიტროენისა" და ოპელის ავტომობილები "მეკრეს" უკვე ახალ, ოფიციალურ შოურუმშია წარმოდგენილი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 118 ნომერში გაიხსნა.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, ილია თაბორიძე BMGTv-ის ეთერში საუბრისას აღნიშნავს, ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სტელანტისის ორივე ბრენდის, "სიტროენისა" და "ოპელის" ბოლო თაობის, ახალ ავტომობილებს და ასევე, ტესტ-დრაივით ისარგებლონ.

ილია თაბორიძის განმარტებით, ორივე მოდელის მიმართულებით შოურუმში ძირითადად SUV-ის, კროსოვერის, ჰეჩბეკის და კროსჰეჩბეკის კატეგორიებია წარმოდგენილი. მისივე თქმით, წლების განმავლობაში გაყიდვების დინამიკიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ამ კატეგორიების ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია, მათ შორის ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი" სიტროენის" C3 AirCross არის.

რაც შეეხება ელექტრომობილებს, კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმით, ამ დროის მონაცემებით მათ შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების ასორტიმენტში ელექტრომობილების წილი 10%-ით განისაზღვრება, 2026-27 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის 25-30%-მდე ზრდას ვარაუდობენ.

"2028 წლისთვის დასავლეთ ევროპაში შიდაწვისძრავიანი ელექტრომობილები აიკრძალება, ეს ეხება როგორც ბენზინის, ისე დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს. ეს რეალობა, ცხადია, ჩვენს შოურუმშიც აისახება. მომავალი წლიდან ელექტრომობილები აქტიურად შემოვა საქართველოში როგორც "ოპელის", ისე "სიტროენის" ასორტიმენტში", - ამბობს კომპანია "მეკრეს" მმართველი პარტნიორი ილია თაბორიძე.

"მეკრეს" მმართველი პარტნიორი BMG-სთან მიმდინარე წელსაც აჯამებს და აღნიშნავს, რომ 2023 წელს გაყიდვები წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, მომდევნო წელს კი ამ მაჩვენებლის 25%-მდე ზრდას პროგნოზირებენ.

"ზრდის თვალსაზრისით წელს ცოტა უფრო მეტს ველოდით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი ჩვენთვის უფრო ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყო დატვირთული. გავაფორმეთ "ოპელთან" ხელშეკრულება, ავაშენეთ ახალი შოურუმი… მომდევნო წელს ვფიქრობ, ბევრად უკეთესი შედეგით დავხურავთ", - აღნიშნავს ილია თაბორიძე.

ილია თაბორიძის შეფასებით, კომპანიის ოთხწლიანი ოპერირების განმავლობაში როგორც მოთხოვნა ავტომობილებზე, ისე მათი რეალიზაციის მაჩვენებელი მზარდ ტენდენციას აჩვენებს. "მეკრეს" მმართველი პარტნიორი ამ ყველაფრის მიზეზს სამი არგუმენტით ხსნის: ევროპული ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი და გამორჩეული დიზაინის ავტომობილები.

"ეს ზრდა და მოთხოვნა ვფიქრობ, მეინსტრიმ სეგმენტში ავტომობილების დახვეწილი დიზაინით, კომფორტულობითა და ხელმისაწვდომი ფასითაა განპირობებული. ამ ავტომობილების შეძენის შემდეგ მომხმარებლის მოლოდინი მართლდება. მათი მხრიდან ჩნდება ლოიალური დამოკიდებულება და ისინი კვლავ გვიბრუნდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მოდელი მზადდება ევროპულ ქვეყნებში. არანაირი სხვა კონვეიერი ჩვენ არ გვემსახურება. საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი - ამ სამ ქვეყანაში მდებარე ქარხნებია ჩვენზე მომაგრებული. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა კი ხელმისაწვდომი ფასია", - განმარტავს "მეკრეს" მმართველი პარტნიორი.

კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ილია თაბორიძე ყურადღებას კომერციული ტექნიკის მიმართულებით გააქტიურებაზე ამახვილებს, რაც კორპორაციული სეგმენტისთვის არჩევანის დიაპაზონის მნიშვნელოვნად გაფართოებას უზრუნველყოფს. ამ ყველაფერთან ერთად, კომპანიის გეგმებში კვლავ საქართველოში არსებული ავტოპარკის ახალი და თანამედროვე ავტომობილებით განახლების ხელშეწყობა მოიაზრება. სამომავლო პერსპექტივაში კი "მეკრეში" სტელანტისის სხვა ბრენდების დამატებასაც არ გამორიცხავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები