მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალი სისტემების დანერგვა პრაქტიკულად გამორიცხავს [EU-ში ყოფნის] ვადების დარღვევას" - რა იცვლება ევროკავშირის საზღვრებზე?

ალექსანდრე მიშველაძე

პირველად, ევროკავშირის ისტორიაში, ევროკომიასიამ ახალი 5-წლიანი სავიზო სტრატეგია წარადგინა. სხვადასხვა მიმართულებით გაფანტულმა წესებმა ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში მოიყარა თავი. სტრატეგია ამკაცრებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას და ამასთან, ამარტივებს ტალანტებისა და პროფესიონალების მოზიდვას. სტრატეგიაშია შესული უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმებიც.

როგორც BMG-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველაძე განმარტავს, ახალი სტრატეგიით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა გამარტივდა და დაჩქარდა. თუ ადრე ამ პროცესს 9 თვე სჭირდებოდა, ახლა გადაწყვეტილების მიღება ერთ თვეშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ევროკავშირს შეუძლია სანქციები „წერტილოვნად“ აამოქმედოს.

„შეჩერების გამარტივებული მექანიზმი უკვე ამოქმედდა და ამით განისაზღვრა, რომ წერტილოვნად შეუძლიათ შეუჩერონ გარკვეულ კატეგორიებს, მაგალითად სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა. თუ ქვეყანა არ იქნება თავსებადი ევროკავშირის რეგულაციებთან, უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკასთან, შეიძლება სრულად შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა,“ - განმარტავს ალექსანდრე მიშველაძე და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორად სახელდება საქართველოს სავიზო პოლიტიკა აზიისა და აფრიკის ქვეყნების მიმართ, რაც ევროკავშირისთვის მიგრაციულ საფრთხეს წარმოადგენს.

სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის საზღვრებისა და შიდა ტერიტორიის დაცვაა. მიშველაძის განმარტებით, ევროკავშირმა „დაიღალა“ ძველი სისტემების ხარვეზებით და გეოპოლიტიკური კრიზისების (მაგალითად, ბელარუსის მიგრაციული კრიზისის) ფონზე, უსაფრთხოების წესების დრამატული გამკაცრება გადაწყვიტა.

„ამ სტრატეგიის მიზანია დაიცვას თავისი უსაფრთხოება გეოპოლიტიკურ მიმდინარე პროცესებში. ის არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლას, არამედ იქ ყოფნის პერიოდსაც მკაცრად აკონტროლებს,“ - ამბობს ალექსანდრე მიშველაძე BMG-სთან.

ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირი ნერგავს Entry-Exit (შესვლა-გასვლის) ელექტრონულ სისტემას EES და ETIAS-ს, რომელთა მთავარი ამოცანაა ე.წ. „არაკეთილსინდისიერი მგზავრების“ გაფილტვრა და 90-დღიანი რეჟიმის დარღვევის სრული აღმოფხვრა ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით.

„ამჟამად თუ ნებისმიერ 180 დღეში 90 დღეს არღვევდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მგზავრი, ამჟამად ამას ვეღარ დაარღვევს, რადგან ბიომეტრიული მონაცემები უკვე ჩატვირთული იქნება. ინოვაციური ციფრული სისტემების (EES და ETIAS) დანერგვა პრაქტიკულად გამორიცხავს საზღვარზე ყოფნის ვადების დარღვევას, ხოლო უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივება ევროკავშირს საშუალებას აძლევს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვალდებულებების დარღვევაზე“ - აცხადებს მიშველაძე.

EES და ETIAS-ს სისტემების სრულად ამოქმედება მიმდინარე წლის ოქტომბრიდანაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები