მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი SUV-ს გამოშვებით ჩინური Xiaomi ამერიკულ Tesla-სთან კონკურენციაში შედის

XIAOMI
BM. GE
27.06.25 22:22
121

Xiaomi-მ ახალი ელექტრო, ყველგან მავალი YU7 ოფიციალურად გამოუშვა. ამით კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. უახლესი ჩინური SUV-ს ფასი $35,360 დოლარია, რაც ნიშნავს, რომ ის მეტოქე Tesla-ს Model Y-ზე 4%-ით იაფი იქნება. ამ განაცხადით კომპანია განაგრძობს ელექტრომობილების მზარდ ჩინურ ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშედ პოზიციონირებას. ახალი SUV სამი მოდელით იქნება წარმოდგენილი - YU7, YU7 Pro და YU7 Max, რომელთაგანაც ბოლო ორი დამატებითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

ახალი ავტომობილის წარდგენამ მომხმარებლების უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. გაყიდვების დაწყებიდან პირველივე საათში კომპანიას 289,000 შეკვეთა შეუვიდა. ამან Xiaomi-ს აქციის ფასები რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა. YU7-ში ჩაშენებული უახლესი ტექნოლოგია და მანქანის უნარი ერთი დატენვით 835 კილომეტრი დაფაროს, ის ორი მიზეზია, რატომაც გაუჩნდა ამდენ მომხმარებელს ახალი SUV-ს შეძენის სურვილი. ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, ამ სიახლით Xiaomi-ს სურს, პირდაპირ შევიდეს კონკურენციაში Tesla-სთან, კერძოდ მის პრემიუმ ელექტრომობილთან.

YU7-ს მიმართ ასეთი დადებითი მოლოდინი დაკავშირებული იყო მისი წინამორბედის, SU7-ის გამოსვლასთან, რომელმაც ჩინურ ბაზარზე Tesla 3-ის მოდელს გაყიდვებში მნიშვნელოვნად აჯობა. ექსპერტების აზრით, Tesla-მ თავის საფასო სტრატეგიას უნდა გადახედოს და აჰყვეს ან უკეთეს შემთხვევაში, აჯობოს Xiaomi-ს შეთავაზებას. მათი შეფასებით, თუ ამერიკულმა გიგანტმა მომხმარებელს უფრო თანამედროვე პროდუქტი არ შესთავაზა, მალე ჩინურ ბაზარზე მისი გავლენა სერიოზულად შემცირდება. თავის მხრივ, Xiaomi გეგმავს ელექტრომობილების წარმოების გაძლიერებას და გლობალურ ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესებას.

ელექტრომობილების მზარდ ინდუსტრიაში შესვლა ჩინური კომპანიის ახალი ტაქტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად მომხმარებლებისთვის შესათავაზებელი პროდუქტების დივერსიფიკაციას ისახავს. Xiaomi-ს გაყიდვების არსებული მაჩვენებელი და ის, თუ როგორ შეხვდა ბაზარი მის ახალ ინიციატივას, აჩენს მოლოდინს, რომ მალე კომპანია ინდუსტრიის საერთაშორისო გიგანტებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები