მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ტარიფების დადგენამდე თავად მელიორაცია განსაზღვრავს წყლის საფასურს

წყალუზრუნველყოფა

მელიორაციის სექტორი უკვე 2 წელია სემეკის რეგულირების ქვეშაა. ჯერ კიდევ 2023 წელს დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, გასულ წელს კი მელიორაციის კომპანიის მიერ პირველად გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმები.

დამტკიცებულია „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმაც, რომლის ფარგლებში აღირიცხება როგორც არაპირდაპირი, ისე პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის რესურსი, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედება მელიორაციის სექტორში ახალ სატარიფო გაანგარიშებას.

დღეს მოქმედი ტარიფები ირიგაციაზე მხოლოდ ფერმერებისთვის არის განსაზღვრული. მიუხედავად იმისა თუ რამდენს მოიხმარს ცალკეული ფერმერი, ტარიფი ფიქსირებულია და ერთ ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. რეგულირების ახალი ჩარჩოს ამოქმედების შემდეგ, წესები მელიორაციის ყველა სექტორზე გავრცელდება.

სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი ამბობს, რომ კომისიამ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს ახალი ტარიფები.

"მიწოდებისა და მოხმარების წესი ითვალისწინებს იმას, რომ სანამ კომისია დაამტკიცებს მეთოდოლოგიის საფუძველზე ახალ ტარიფებს, მანამდე თავად მელიორაცია განსაზღვრავს ამ მომსახურების საფასურს. [ახალი ტარიფი იქნება მოხმარებული წლის მოცულობის მიხედვით] რადგან რაციონალური ხარჯვა შეუძლებელია თუ წყალს არ გავზომავთ და ეს გაზომვა უკვე თითოეული მომხმარებლის ხასიათისა და გამოწვევების მიხედვით სხვადასხვანაირად იზომება. სხვა დარგებში ეს ძალიან მარტივად განსაზღვრულია, სადაც მრიცხველის მიხედვით ხდება საფასურის დარიცხვა, თუმცა აქ განსხვავებული ვითარებაა, რადგან წყლის ძალიან დიდ მოცულობაზეა საუბარი. თუ ფერმერი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მოიხმარს წყალს, რაც იყო წინასწარ შეთანხმებული მას კომპენსაციის სახით მოეთხოვება გადაიხადოს 10% იმ საფასურის, რასაც იხდიდა. ასევე თუ მელიორაციის კომპანია ვერ შეასრულებს პირობას და ვერ მიაწვდის შეთანხმებულ მოცულობას ფერმერს ასევე 10%-იანი კომპენსაციის გადახადა მოუწევს [ფერმერისთვის]", - ამბობს კომისიის წარმომადგენელი და ამატებს, რომ დარღვევებისთვის მომხმარებელს შეუძლია სემეკს განცხადებით მიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები