სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი "ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის" 2025 წლის ბიუჯეტი 1.2 მილიონი ლარია, ზუსტად იმდენი, რამდენიც 2024 წელს იყო.
გუშინ, 16 აპრილს, "ქართული ოცნების" კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადება გავრცელდა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს.„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
bm.ge დაინტერესდა, როგორია "ახალი თეატრის" და სხვა თეატრების დაფინანსება.
"ახალი თეატრის" წლევანდელი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე 1.08 მილიონი ლარია. კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები კი, 2.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება სხვა თეატრებს, მათი ჩამონათვალი დიდია და ყველაზე მეტ დაფინანსებას შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი იღებს. bm.ge გთავაზობთ ძირითადი სახელმწიფო თეატრების დაფინანსებას 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი - 3.7 მილიონი ლარი;
- ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - 2.2 მილიონი ლარი;
- მარჯანიშვილის თეატრი - 2.6 მილიონი ლარი;
- ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - 2.08 მილიონი ლარი;
- ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 1.5 მილიონი ლარი;
- თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - 1.7 მილიონი ლარი;
- ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 1.2 მილიონი ლარი;
- ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - 1.2 მლნ ლარი;
- ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრი" - 1.2 მილიონი ლარი;
- გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 1.2 მილიონი ლარი;
- მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - 1.2 მილიონი ლარი;
- გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 894 ათასი ლარი;
- თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 735 ათასი ლარი;
- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 712 ათასი ლარი;
- ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 475 ათასი ლარი.




























