ახალი თეატრი გადის რეგიონებში! - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ეზოში ხელოვანების მიერ დაანონსებული მანიფესტი, თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა წაიკითხა.
დოიაშვილის განცხადებით, ისინი გეგმავენ რეგიონებში ადამიანებთან ლაპარაკს და იმის დამტკიცებას, თუ რა შეუძლია თეატრს. ამგვარად ითხოვენ თეატრალები საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას.
„ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პროკურატურასთან დიალოგი გამოგვენახა. ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმომწერები და მთელი ქართული კულტურა თავდებში დაუდგა. მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც, გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ არც ვაინტერესებთ. ეს იყო მათი პასუხი. დიახ, დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ ყველაფერი, სცენაზე შუქი აინთება, იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ. მაგრამ, ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა აუცილებლად შემოგვიერთდება. აუცილებლად ერთად ვიქნებით და აქვე ვიწყებთ დაანონსებას. ახალი თეატრი გადის რეგიონებში! ყველასთან მივალთ! მივალთ და დავილაპარაკებთ. ნახავთ რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა, ჩვენი მეგობრები. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს!
გგონიათ ამ განცხადების გაკეთება იოლია? ძალიან ვნერვიულობ. მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და ასევე თქვენზეც. მილიარდ რამეს გამოაგდებენ, როდესაც რეგიონებში წავალთ. მაშინ მკითხავთ რატომ ვაკეთებთ ამას, იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები: „ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს და ნუ იცეკვებთ მათ დაკრულზე. მოდით აქ. ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ. ნუ ემსახურებით მათ, მოდით აქ. იმიტომ, რომ აქ კარგია. ახლა, ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, მოდით გამოდით, რომ ვიყოთ ბევრნი. იმიტომ, რომ იქ არ უნდა წახვიდეთ. მოდით აქ...“, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს თეატრის წარმომადგენლებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ პირველ რიგში ანდრო ჭიჭინაძე და ყველა უდანაშაულოდ დაკავებულები გაეთავისუფლებინათ, ამასთან ხელახალი არჩევნები ჩაენიშნათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, ახალმა თეატრმა მანიფესტის წარდგენა 23 იანვარს დააანონსა.