მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი წელი ვერ გადაიდება. მომდევნო დღეებში გავანათებთ ნაძვის ხეს - კალაძე

კალაძე ახალ წელს

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილიმინაციები მომდევნო დღეების განმავლობაში აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიება რუსთაველის გამზირზე გუშინ 14 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ცერემონია გადაიდო. ადგილზე, მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები, თუმცა დემონსტრანტების დიდი რაოდენობის გამო, გუშინ, ღონისძიება ვერ შედგა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი მოქალაქეთა უსაფრთხოებააა.

„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო, რადგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. გარდა ამისა, ვიხილეთ მძიმე ნივთების, ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით, რაც ძალიან ცუდია. იყო აგრესიული ადამიანების ჯგუფი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, განურჩევლად იმისა, თუ ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩვენთვის ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და მისი სიცოცხლე ძვირფასია. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დროებით გადაგვედო, გამომდინარეობდა ზუსტად იმ უსაფრთხოებიდან, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით.

მომდევნო დღეების განმავლობაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის აინთება
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ეს ხომ საბავშვო დღესასწაულია და მას ჩვენი შვილები, პატარები ელოდებიან? ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში შემოდის. შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება და საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებაზე საჯარო მოხელეების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ სახალხო ზეიმზე მისვლა და დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა.

18 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ორასზე მეტ პირს, აღენიშნებოდა ხილული დაზიანება. დასჯილია 0 ძალოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები