მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ვალდებულებები კერძო და საჯარო სექტორს - რა იცვლება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ ახალი კანონით?

მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც არაერთ დამატებით ვალდებულებას აწესებს იმ პირებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში. ასეთი ქვეყანაში მოქმედი არც თუ ცოტა საჯარო თუ კერძო დაწესებულებაა. მათ რამდენიმე თვე რჩებათ იმისთვის, რომ კანონის ამოქმედებამდე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დანერგილი პრაქტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალმა კანონმა გააჩინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიცია. ოფიცრის ძირითადი ფუნქციაა დაეხმაროს ორგანიზაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. მისი დანიშვნის ვალდებულება აქვთ, სადაზღვევო ორგანიზაციებს, ბანკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საჯარო დაწესებულებებს და ყველა იმ პირს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 %-ის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს.

კანონით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, უნდა შეიმუშაოს წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტი რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მონაცემთა დამუშავების მიზნები, მონაცემთა სუბიექტების კატეგორიები, შენახვის ვადები, ვისთვის ხდება მონაცემთა გადაცემა და ა.შ. კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად მკაცრდება პასუხისმგებლობაც. დადგენილი ჯარიმების ოდენობა განსხვავდება სამართალდარღვევის ტიპების მიხედვით და ძირითადად 1,000 – 6,000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რამდენად მზად არის კერძო და საჯარო სექტორი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რა სამუშაო გასწია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მათი სათანადო ინფორმირებისთვის?

სტუმარი: არჩილ ჯაველიძე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები