2023 წლის ოქტომბერში, თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კვლავ გააქტიურდა.
"თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ოქტომბრის თვის მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში გასულ თვეს 3,377 ბინა გაიყიდა, რაც წინა თვესთან შედარებით 13%-იანი მატებაა.
„წლიურ ჭრილში ბინების გაყიდვები 14%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტითაა გამოწვეული, რადგან 2022 წლის ბოლო კვარტალი ძალიან აქტიური იყო ბაზრისთვის“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
კვლევის ავტორებს ძველი და ახალი ბინების მიმართულება აქვთ მიმოხილული, რომლის მიხედვით, თბილისში ძველი ბინების გაყიდვები, ახლისას ჭარბობს, თუმცა მთლიან გაყიდვებში ახალი ბინების წილი იზრდება.
„2023 წლის ოქტომბერში 705 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 29%-ით მაღალია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ ჭრილში 9%-იანი კლება დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,672 შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ხოლო წლიურ ჭრილში 15%-იანი კლება შეინიშნება.
იმის გამო, რომ თვიურ ჭრილში ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო შესამჩნევად იმატა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 21%-მდე გაიზარდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი(+12%), ისე ძველი (+18%) ბინების შემთხვევაში“, - აღნიშნული მიმოხილვაში.
ამასთან თვიურ ჭრილში, ახალი ბინებისთვის გასაყიდი ფასი 1.1%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.4%-ით გაიზარდა.
თიბისი კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში 50-დან 75კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 42% შეადგინა (-1პპ,თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 5% შეადგინა. მაღალი (>1,500$/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 16% შეადგინა, რაც 2022 ოქტომბრის მაჩვენებელს 6 პროცენტული პუნქტით აღემატება.
უბნების მიხედვით, ახალი და ძველი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი კი ასეთია: „დიდუბესა და ჩუღურეთში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ხოლო საბურთალოსა და გლდანში შესამჩნევი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა“.
იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე მთაწმინდაზე კვლავ $2,000-ს აჭარბებს. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით დიდუბე(+39%), მთაწმინდა (+29%) და ნაძალადევი (+22%) გამოირჩეოდა.