მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი Z Fold & Flip, Galaxy Ring, Buds და Watch Ultra – რა სიახლეები აქვს Samsung-ს?

Galaxy Unpacked

მიმდინარე კვირას Samsung-ის ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენცია - Galaxy Unpacked გაიმართა, რომელიც სიახლეებით იყო გამორჩეული.

Galaxy Z Fold 6 და Z Flip 6

სამხრეთ კორეულმა გიგანტმა საზოგადოებას ორი ახალი სმარტფონი - Z Fold 6 და Z Flip 6 წარუდგინა. Samsung-ის დასაკეცი ტელეფონების უახლეს ვერსიაში იმ ფლაგმანურ ტექნიკურ მონაცემებს ვხედავთ, რომელიც აქამდე მხოლოდ S24 Ultra-ში იყო ხელმისაწვდომი, კონკრეტულად, საუბარია ახალი თაობის პროცესორზე, რომელიც Snapdragon-ის მე-8 სერიის მე-3 თაობაა და შთამბეჭდავი წარმადობით გამოირჩევა. გარდა ამისა, დასაკეცი ტელეფონების ახალ თაობაში ვნახავთ Galaxy AI-ს, რომელიც Z-სერიას ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

Fold-თან და Flip-თან მიმართებით მთავარი სიახლე დიზაინს უკავშირდება, რომელიც უფრო დახვეწილი, მსუბუქი, მოქნილი და რაც მთავარია, გამძლე გახდა. გასაშლელი სმარტფონის შიდა ეკრანის ზომა ახლა 7.6 ინჩს აღწევს და ის სულ რაღაც 239 გრამს იწონის, რაც წინამორბედთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, წელს გაიზარდა Samsung-ის დასაკეცი სმარტფონების ფასებიც, Z Fold 6-ის ღირებულება დაახლოებით 1,900 დოლარს შეადგენს, ხოლო Z Flip 6-ის ფასი 1,100 დოლარია, რაც წინამორბედთან შედარებით 100 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

Galaxy Watch 7 და Watch Ultra

წელს Samsung-მა ჭკვიანი საათის მე-7 თაობაც წარმოადგინა, რომელიც ახალი პროცესორით, სენსორებით და ეკრანითაა აღჭურვილი, თუმცა მთავარი სიახლე ახალი მოდელია - ფლაგმანური Galaxy Watch Ultra, რომელმაც კონკურენცია Apple Watch Ultra-ს უნდა გაუწიოს.

Watch 7-ის ფასი 300 დოლარს შეადგენს, ხოლო Galaxy Watch Ultra-ს ღირებულება 650 დოლარია და ის პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს Apple Watch Ultra-ს Android-ალტერნატივად, რადგან მისი ფუნქციონალი Apple-ის ჭკვიანი საათის ანალოგიურია, კერძოდ გვაქვს: ტიტანის კონსტრუქცია, ჯანმრთელობის მონიტორინგის, წყალში ყვინთვის, GPS-ლოკაციის დადგენის, ფიზიკური აქტივობის აღწერის და ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის ფუნქციონალი.

Galaxy Ring

ჯანმრთელობის მონიტორინგის მიმართულებით Samsung-ს განსაკუთრებული სიახლე აქვს და ეს ახალი ტიპის პროდუქტი - ჭკვიანი ბეჭედია, რომელსაც Galaxy Ring ჰქვია. ეს მოწყობილობა მცირე ზომის პროცესორით, ბატარეით და სენსორებითაა აღჭურვილი, რომელთა დახმარებით ის მეპატრონის ჯანმრთელობის მონიტორინგს, ძილის ხარისხის კონტროლს, ტემპერატურის გაზომვას, გულის ცემაზე დაკვირვებას და ფიზიკური აქტივობის აღწერას ახერხებს.

ჭკვიანი ბეჭედი სამ ძირითად ფერში, ვერცხლისფერში, ოქროსფერსა და შავშია ხელმისაწვდომი და მისი რამდენიმე ზომა არსებობს. Galaxy Ring-ის ღირებულება 400 დოლარს შეადგენს და ის Samsung-ის ჭკვიანი ეკოსისტემის ახალი წევრია.

Galaxy Buds 3 და Buds 3 Pro

ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Samsung-მა ახალი თაობის უსადენო ყურსასმენებიც წარადგინა - Galaxy Buds 3 და Buds 3 Pro. ამ მიმართულებით მთავარი სიახლე ახალი დიზაინია, რომელიც ტიტანის სტილშია გადაწყვეტილი და ჰარმონიაშია იმ ესთეტიკასთან, რომელიც S24-მა სერიამ შემოიტანა.

როგორც Samsung-ში განმარტავენ, ახალ ყურსასმენებს გაუმჯობესებული დინამიკები და არქიტექტურა აქვთ, რაც მოსმენის პროცესში მუსიკალური სტუდიის მსგავს გამოცდილებას იძლევა.

Pro-ვერსია ხმის დახშობის ადაპტიური ფუნქციონალითაა აღჭურვილი, რომელიც მომხმარებელს გარე სამყაროს ანალიზში ეხმარება. მაგალითად, თუ ყურსასმენი სასწრაფოს ან პოლიციის სირენის ხმას გაიგებს, ის ავტომატურად გათიშავს ხმის დახშობის ფუნქციონალს, რათა მომხმარებელს საჭირო ინფორმაცია დროულად მიაწოდოს.

Galaxy Buds 3-ის ფასი 180 დოლარია, ხოლო Buds 3 Pro-ს ღირებულება 250 დოლარს აღწევს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები