საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების მიზნით ახალი ზელანდია ტურისტულ მოსაკრებელს ზრდის. კერძოდ, 1 ოქტომბრიდან ვიზიტორებს 35 ახალზელანდიური დოლარის (€20) ნაცვლად, NZ$100-ის (€56) გადახდა მოუწევთ. გადასახადი გავრცელდება ყველაზე, ვინც ტურისტული ვიზით, ან ახალი ზელანდიის ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციით ისარგებლებს. ხოლო არ გავრცელდება მხოლოდ ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძულის მოქალაქეებზე.
ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა პანდემიის შემდეგ სრულად არ აღდგენილა. ოფიციალური მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ტურიზმი, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 84%-ით აღდგა.
ტურიზმის მინისტრის განცხადებით, გადასახადის ზრდის შედეგად, ქვეყანა დაბალ ბიუჯეტიანი ვიზიტორების ნაცვლად, შეეცდება, მაღალ მსყიდველობითუნარიან ტურისტებზე ფოკუსირდეს.
პანდემიამდე ტურიზმი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი მთავარი სექტორი იყო, რომელიც მოსახლეობის 8.4%-ს ასაქმებდა და მშპ-ში მისი კონტრიბუცია 6% იყო. 2023 წელს კი სექტორმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ 2016-2019 წლებში ახალ ზელანდიას 11 მილიონი ტურისტი ეწვია.
ტურისტული მოსაკრებლით მიღებული შემოსავალი ისეთი პროექტების დაფინანსებას ხმარდება, როგორებიცაა მდგრადი ტურისტული აქტივობების განვითარება, მცენარეებისა და ცხოველების ბუნებრივი საარსებო გარემოს მოწესრიგება და დაცვა. თუმცა მთავრობა მიიჩნევს, რომ შემოსავალი, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 80 მილიონ დოლარს უტოლდება, აღნიშნული აქტივობებისთვის საკმარისი არ არის.
ცხადია, ტურისტული მოსაკრებლის დაწესება უცხო პრაქტიკა არ არის. თუმცა ახალი ზელანდიის მსგავს, კონკურენტულ მიმართულებებზე, ის გაცილებით დაბალია და, მაგალითად, ბალიზე, €9-ს შეადგენს. თუმცა ევროპაში გადასახადი არა ერთჯერადი, არამედ დღიურია და, ერთკვირიანი მოგზაურობისას, ტურისტული მოსაკრებელი ხშირად აღწევს €50-ს.
ტურიზმის მინისტრი აცხადებს, რომ თანხა, რომელსაც ტურისტები ქვეყანაში შესვლისთვის გადაიხდიან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საშუალო დანახარჯების მხოლოდ 3%-ია, რის გამოც გაზრდილი გადასახადი ტურისტების რაოდენობაზე გავლენას არ იქონიებს. თუმცა კერძო სექტორი ასე არ ფიქრობს. ტურიზმის ასოციაცია აღნიშნავს, რომ ოქტომბრიდან ახალ ზელანდიაში ასევე იზრდება ტურისტული ვიზის მოსაკრებელი, რის შემდეგაც ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებს, city tax-თან ერთად, ახალი ზელანდიის საზღვრის გადაკვეთა €280-მდე დაუჯდებათ.