საქართველოს წიგნის ბაზარზე ახალი პლატფორმა Urban Books (uBooks) გამოჩნდა, რომელიც მკითხველს ორიგინალ ენაზე გამოცემული, ლიცენზირებული ლიტერატურის შეძენას სთავაზობს. პროექტი გამომცემლობა "მოუბარის" დამფუძნებლებმა - გუჯა ქემოკლიძემ, დათა ხარაიშვილმა და ანრი მაღლაკელიძემ განახორციელეს. ახალი პლატფორმის შექმნის მიზნებზე, ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, ფასწარმოქმნასა და სამომავლო გეგმებზე bm.ge-სთან პროექტის ავტორებმა ისაუბრეს.
გამომცემლობა "მოუბარი" ბაზარზე ძირითადად ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მსოფლიო ბესტსელერების ქართული თარგმანებით არის წარმოდგენილი. uBooks კი ამ ეკოსისტემის ლოგიკურ გაგრძელებად ჩამოყალიბდა, რომელიც მკითხველის ალტერნატიულ მოთხოვნას პასუხობს.
როგორც კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მენეჯერი, გუჯა ქემოკლიძე განმარტავს, პროექტზე მუშაობის პროცესში ნათლად გამოიკვეთა იმ აუდიტორიის საჭიროებები, რომელსაც წიგნების ორიგინალ ენაზე კითხვა ურჩევნია.
"მოუბარი სრულფასოვანი საგამომცემლო კომპანიაა, რომელიც წიგნის გამოცემის ყველა ეტაპს ფარავს. ჩვენ ვმუშაობთ უშუალოდ უცხოელ საავტორო უფლებების მფლობელებთან და სააგენტოებთან, ვყიდულობთ ოფიციალურ ლიცენზიებს და მკაცრი კორპორაციული სტანდარტებით ვამზადებთ მათ ქართულ თარგმანებს. uBooks ამ დიდი ეკოსისტემის ლოგიკური, თუმცა დამოუკიდებელი გაგრძელებაა. მკითხველს აქვს სრული თავისუფლება: ვისაც პროფესიონალური ქართული თარგმანი სურს, "მოუბარი" მის განკარგულებაშია; ვისაც ორიგინალის წაკითხვა უნდა, შედის uBooks-ზე და იწერს ლიცენზირებულ ინგლისურენოვან ვერსიას",- ამბობს ის.
ახალი პლატფორმის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქართულ ბაზარზე არსებული მეკობრული (პირატული) წიგნების პრობლემა გახდა. uBooks-ის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი, ანრი მაღლაკელიძე აღნიშნავს, რომ პროექტის მიზანი ბაზარზე ხარისხიანი და ლეგალური ალტერნატივის შეთავაზება იყო.
"მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ საქართველოში უშუალოდ წიგნის ინდუსტრიის სპეციფიკაზე მორგებული, მასშტაბური ტექნოლოგიური პროდუქტი აქამდე არ გვქონდა. მეორე, ძალიან პრინციპული მიზეზი ბაზარზე არსებული ქაოსია. ყველგან იყიდება სარდაფებში დაბეჭდილი მეკობრული ასლები. ირანიდან თუ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილმა ე.წ. პირატულმა წიგნებმა სერიოზული პრობლემა შექმნა. ჩვენი პოზიცია აქ სრულიად ურყევია: შპს "წიგნების ბანკი" (იგივე გამომცემლობა მოუბარი), როგორც საქართველოს წიგნის ასოციაციის წევრი, მკაცრად გმობს საქართველოს ბაზარზე შემოსული პირატული, დაბალხარისხიანი ასლების რეალიზაციას. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი უცვლელი პოლიტიკაა. uBooks-ზე განთავსებული თითოეული წიგნი ყოველთვის იყო და არის მხოლოდ კანონის სრული დაცვით დაბეჭდილი ორიგინალი გამოცემა", - აღნიშნავს ანრი მაღლაკელიძე.
ამასთანავე, პლატფორმაზე დანერგილია ანალიტიკური სისტემა, რომელიც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კატალოგის ფორმირებას უწყობს ხელს. გუჯა ქემოკლიძის თქმით, ეს სისტემა ავტომატურად აანალიზებს ძიების მონაცემებს და აგროვებს ინფორმაციას იმ გამოცემებზე, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს, რაც გუნდს კატალოგის დროულად შევსებაში ეხმარება: "არჩევანი მართლაც უზარმაზარია და აბსოლუტურად ყველა გემოვნების მკითხველზეა მორგებული. გლობალურ მომწოდებლებთან ინტეგრაციის ხარჯზე, ბაზა დინამიკურია, ჟანრობრივად კი ფაქტობრივად ყველაფერს ვფარავთ".
დამფუძნებლების შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოში უცხოენოვან ლიტერატურაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაშიც დიდ როლს სოციალური მედიის პლატფორმები თამაშობს. მარკეტინგისა და ბრენდის მენეჯერი, დათა ხარაიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი თაობის მკითხველისთვის წიგნის ვიზუალური და პოლიგრაფიული ხარისხი პრინციპულად მნიშვნელოვანი გახდა.
"ახალმა თაობამ კითხვის კულტურა სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანა. მათთვის შინაარსთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორიგინალ ყდის დიზაინს, ფურცლის ფაქტურას, შრიფტს და ზოგადად, გამოცემის ესთეტიკას. ძალიან კარგად არჩევენ ორიგინალს მეკობრული ყალბისგან და საკუთარ თაროზე უხარისხო ასლის დადება აღარ უნდათ. ახლახან ჩავუშვით და ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ ადამიანებისთვის შესაბამისი სივრცის შეთავაზებაა, ვისთვისაც ხარისხი პრინციპის ამბავია. კითხვის პოპულარიზაციისთვის უკვე გავუშვით ინფლუენსერების პროგრამაც. ვთანამშრომლობთ კონტენტ კრეატორებთან, რომლებსაც სრულიად უსასყიდლოდ ვაწვდით წიგნებს, რათა თავიანთ აუდიტორიას ვიზუალურად და პოლიგრაფიულად გამართული გამოცემები აჩვენონ", - ამბობს ის.
ჟანრობრივი თვალსაზრისით, uBooks აქცენტს როგორც პოპულარულ მიმართულებებზე (ეპიკური ფენტეზი, რომანტეზი, მანგა), ისე სპეციფიკურ და აკადემიურ ლიტერატურაზე აკეთებს. გარდა ამისა, კომპანია მუშაობას B2B სექტორთანაც იწყებს და მათ ბიზნესებს კორპორაციული ბიბლიოთეკების შევსებას სთავაზობს მენეჯმენტის, ფინანსების, დიზაინისა და IT მიმართულების ორიგინალი გამოცემებით.
იმპორტირებული პროდუქციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხშირად ტრანსპორტირების ხარჯი და საბოლოო ფასი რჩება. გუჯა ქემოკლიძის განმარტებით, uBooks-მა მოახერხა პროცესის ცენტრალიზება, რაც მომხმარებელს ინდივიდუალურ გამოწერასთან შედარებით ხარჯებისა და დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
"ამაზონიდან ან სხვა უცხოური საიტებიდან ინდივიდუალურად გამოწერა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მომხმარებელი თავად ზრუნავს გადამზიდავის შერჩევაზე, იხდის დამატებით წონის ფულს, რომელიც ხშირად თავად წიგნზე ძვირი გამოდის, ელოდება კვირებით და ლოგისტიკურად ბევრ დროს კარგავს. ჩვენ ეს პროცესი მთლიანად ცენტრალიზებული გავხადეთ. ოფიციალურ გამომცემლობებთან პირდაპირი კონტაქტით და დიდ მოცულობებზე ოპერირებით, თვითღირებულებასა და ტრანსპორტირების ხარჯებს მაქსიმალურად ვაოპტიმიზირებთ. ჩვენთან მკითხველი იხდის კონკურენტულ ფასს, ირიდებს ლოგისტიკურ თავსატეხს და გარანტირებულად იღებს დაუზიანებელ წიგნს. კორპორაციული კლიენტებისთვის კი წინასწარ გვაქვს შემუშავებული საბითუმო ტარიფები და ფასდაკლების სისტემა", - ამბობს ქემოკლიძე.
ანრი მაღლაკელიძის განმარტებით, uBooks-ის ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებლისთვის შესყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია.
"ტექნიკურად პროცესი ბოლომდე გავამარტივეთ. მომხმარებელმა დრო რომ არ დაკარგოს, საიტზე შესვლისთანავე ხვდება ძალიან მოქნილი ძებნის ველი. თუ გაინტერესებთ ორიგინალი ინგლისური წიგნები, უბრალოდ წერთ ავტორის სახელს, კონკრეტულ სათაურს ან ჟანრს. სისტემა წამებში პოულობს სასურველ ვერსიას და აჩვენებს დეტალურ ინფორმაციას. შემდეგ ამატებთ წიგნს კალათაში და პირდაპირ გადადიხართ ანგარიშსწორების გვერდზე. ჩვენ განზრახ ამოვიღეთ ყველა დამღლელი სარეგისტრაციო ფორმა და დამაბრკოლებელი ეტაპი. ყველაფერი რამდენიმე წამს იკავებს და მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი", - ამბობს ის.
uBooks-ის ვებგვერდის თანახმად, ამჟამად სტარტაპის კატალოგში წიგნების ფასი ₾12.3-დან იწყება, საკოლექციო გამოცემების ღირებულება კი რამდენიმე ასეულ ლარს აღწევს. რაც შეეხება თავად გამომცემლობას, "მოუბარი" ბაზარზე 2025 წლის ნოემბერში 8 წიგნით გამოჩნდა და, ძირითადად, ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრს ფარავს. როგორც გუჯა ქემოკლიძემ bm.ge-ს განუცხადა, თანადამფუძნებლებთან ერთად წიგნების გამოსაცემად აქტიური მუშაობა 2023 წლიდან, ₾300 ათასიანი კერძო დაფინანსებით დაიწყო. დღეს "მოუბარის" წიგნების ყიდვა წიგნის მაღაზიებსა და მათ ვებგვერდზეა შესაძლებელი.



























