ახლა, შეშინებული ხელისუფლება ასანთით ხელში დარბის და შეიძლება ეს სახლი გადაწვას, რომელსაც საქართველო ჰქვია, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ TI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბოლო 7 თვეა ხელისუფლება გლობალური ომის პარტიას ებრძვის, რომელიც თვითონვე შექმნა. თუმცა, დღეს კობახიძე ამ გლობალური ომის პარტიას კაპიტულაციას უცხადებს.
„ბოლო 7 თვეა, ისინი გლობალური ომის პარტიას ებრძვიან, რომელიც თვითონ შექმნეს, მოიგონეს, გამოუცხადეს ომი და ებრძვიან. ყოველ საჯარო გამოსვლაში ებრძვიან ქიმერას, რომელსაც გლობალური ომის პარტია ჰქვია. დღეს, აგერ ირაკლი კობახიძე გამოდის და ამ გლობალური ომის პარტიას კაპიტულაციას უცხადებს.
ჩვენ უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რომ ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი შიდა სტაბილურობისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისთვის, მისი ევროინტეგრაციისთვის და ჩვენ პარტნიორები უნდა დავიბრუნოთ. ყველა პარტნიორი უნდა მოვაბრუნოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ისევ სახელმწიფო, ჩვენ ვმუშაობთ და ვარსებობთ ნორმალური დემოკრატიული წესრიგით და ჩვენ ასეთ ქიმერებში აღარ ვართ. რადგან თუ ეს მთავარი სააზროვნო სივრცე იქნება, მაშინ ჩვენ ვართ განწირული აღარც ვიცი რისთვის, რადგან უნდა მოვიგონოთ რაღაც ხიფათები და შემდეგ ამ ხიფათებს ვდიოთ. მაქვს განცდა, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ამომრჩეველი და ასეთი მგონია, რომ სრული უმრავლესობაა, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სხვა მოტივით 2020, 2016 ან 2012 წელს ჰქონდა განზრახვა, რომ მხარი დაეჭირათ "ქართული ოცნებისთვის", ისინიც კი მე მგონი კარგად აცნობიერებენ, რომ ახლა, შეშინებული ხელისუფლება ასანთით ხელში დარბის და შეიძლება ეს სახლი გადაწვას, რომელსაც საქართველო ჰქვია“,-აცხადებს ქორიძე.
მისივე განცხადებით, საარჩევნო ბოლო პროცესი ძალიან მშვიდად, ფრთხილად და გააზრებულად უნდა წარიმართოს.
„უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მართლა შეგვიძლია ნორმალური და საღი საარჩევნო პროცესის გამართვა“,- ამბობს TI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერი.