მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა ტურისტებს საქართველო კი არ უნდა გავაცნოთ, არამედ აქ ჩამოსვლა მოვანდომოთ - ჰოტელიერი

მაია მურაჩაშვილი

ჰოტელიერის და Iberia Tours Plus-ის დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის მოსაზრებით, იმისათვის, რომ საქართველომ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი მოიზიდოს, საჭიროა მარკეტინგული კამპანიის თვისებრივი შეცვლა. როგორც მან გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, საქართველო უცხოელებს ახლა უბრალოდ კი არ უნდა გავაცნოთ, არამედ მათ უნდა მოვანდომოთ აქ ჩამოსვლა.

„საჭიროა, ძალიან სწორი მესიჯების მიწოდება და გაძლიერებული მარკეტინგი. არა ისეთი, როგორსაც ვაკეთებდით. იმდენი წელია დავდივართ გამოფენებზე, რომ უკვე იცნობენ საქართველოს. ახლა გამოფენებზე აღარ მოდიან, მათ უკვე იციან საქართველოს შესახებ. მახსოვს, 7-8 წლის წინ ფინეთში გამოფენებზე რომ ჩავდიოდით, რუკაზე ვუხაზავდით მოსულ სტუმრებს, სად იყო საქართველო. წელს რომ ჩავედით ფინეთში, გვეუბნებოდნენ, რომ მათ უკვე ბევრი რამ სმენიათ საქართველოს შესახებ. შესაბამისად, ახლა უცხოელ ტურისტებს კი არ უნდა გავაცნოთ, არამედ მოვანდომოთ საქართველოში ჩამოსვლა. აი ეს არის შესაცვლელი“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა და დასძინა, რომ კარგი საიმიჯო რგოლები მზადდება საქართველოს შესახებ, მაგრამ ცოტა უფრო აგრესიული მარკეტინგული ნაბიჯები გვჭირდება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებაც, საიდანაც გვინდა ტურისტების მოზიდვა.

„ჩვენ პირველ რიგში, კარგად უნდა გავითვალისწინოთ და გავიაროთ იმ ქვეყნების ისტორია, რომელზე გასვლასაც ვაპირებთ: რა ისტორია აკავშირებთ ჩვენთან, რამდენად მზარდია და ა.შ. არიან ქვეყნები, რომლებიც ახლა იკრებენ ძალას და საკმაოდ მაღალმხარჯველი ქვეყნებია, ასეთ ქვეყნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. განსასაზღვრია, რა მოსწონთ მათ და შემდეგ ის მიმართულებაა მარკეტინგში გასაძლიერებელი. მათ შორის არის ინდოეთიც“, - განაცხადა ჰოტელიერმა და Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელმა.

აღსანიშნია, რომ 2023 წლის ტურიზმის მარკეტინგის ბიუჯეტი 25 მლნ ლარია.

ცნობისთვის: ორ კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ვიზიტებს, 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი გვქონდა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა. განსხვავებით ამ მაჩვენებლისა, არათუ აღდგენა, არამედ გადაჭარბებაა შემოსავლებში - ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 400 მილიონით მეტია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით.

ტურიზმის მესამე კვარტალის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები 15 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები