აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის ჯონ შიმკუსის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, როდესაც ყალიბდება მსოფლიოს აღქმა საქართველოს მომავლის მიმართ. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას, ეთანხმება თუ არა, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა დასავლეთსა და რუსეთს შორის.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მაღალი ინტერესია პროცესების მიმართ.
“აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაწერა კანონპროექტი იმის გათვალისწინებით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო საქართველოში. როგორც ხედავთ, ძალიან მაღალია ინტერესი ვაშინგტონში ამ პროცესების მიმართ და იმის მიმართ თუ რა მოხდება ამის შემდეგ, ანუ მმართველი პარტია როგორ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, როგორც გამოასწორებს რაღაცებს. ვფიქრობ, რომ ჯერ პროცესი მიმდინარეობს, შედეგები იკრიბება, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ახლა ყალიბდება მსოფლიოს აღქმა საქართველოს და საქართველოს მომავლის მიმართ”,- თქვა შიმკუსმა.
თავის მხრივ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა თქვა, რომ მოქალაქეები ევროპას უჭერენ მხარს და ყველა ვნახავთ, რამდენად უპასუხებს მთავრობა ხალხის ამ დაკვეთას. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსით ბოროტად ისარგებლა, შეზღუდა ოპოზიციური პარტიების თუ სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობა, რაც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა.
„IRI-ის გამოკითხვების შედეგად შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ევროპას უჭერს მხარს. მთავარი კითხვა არჩევნებისთვის და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის არის მთავრობა საით წავა, ძალიან მკაფიო ხალხის მანდატის გათვალისწინებით. ევროკავშირმა შეაჩერა გაწევრიანების პროცესი, ამერიკამ სანქციები დაუწესა მთავრობის წევრებს. ვნახეთ, იყო მუქარები, მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსით ბოროტად ისარგებლა, გამოიყენა პოლიტიკური ძალაუფლება, სამართლებრივი ინსტიტუციები იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიები გაეყვანა მოედნიდან, ხელი შეეშალა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომ ნორმალურად ემუშავათ. ესეც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა. თუ საქართველო დემოკრატიისკენ მიდის, ყველა ვნახავთ. მოქალაქეებიც ნახავენ, რამდენად უპასუხებს მთავრობა ქართველი ხალხის დაკვეთას და წაიყვანს ქვეყანას ევროპისკენ“,- განაცხადა დენიელ ტვინინგმა.