მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლად ამოქმედებული შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო ჩარჩო უცხოელების შრომით პირობებს აუარესებს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

უცხოელები

მიმდინარე წლის 1 მარტს ამოქმედებული შრომითი მიგრაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო უცხოელი დასაქმებულების შრომით პირობებს აუარესებს და მათი შრომითი ექსპლუატაციის რისკებს ზრდის, – ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, რეფორმის მიზანი ქვეყანაში შრომითი მიგრაციის სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოწესრიგებაა, ასევე ადგილობრივი სამუშაო ძალის დაცვისა და კონკრეტული სექტორებისთვის მუშახელის მიწოდების დაბალანსება. თუმცა, მათი თქმით, ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ ახალი რეგულაციები უცხოელ დასაქმებულებს დამსაქმებელზე ზედმეტად დამოკიდებულს ხდის, რაც მათ მოწყვლადობას ზრდის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია მიტანის, ტრანსპორტირებისა და გიდების მომსახურების სფეროებში უცხოელი მოქალაქეებისთვის დაწესებული ნულოვანი წლიური კვოტები. მათი შეფასებით, ეს პრაქტიკა ამ ადამიანებს ფაქტობრივად აიძულებს დასაქმდნენ სხვა სექტორებში, მათ შორის მშენებლობასა და დამმუშავებელ მრეწველობაში, სადაც, როგორც ბიზნესის ნაწილი და ხელისუფლება აცხადებს, სამუშაო ძალის დეფიციტია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ისინი არ აფასებენ ზოგადად მიგრაციის პოლიტიკის მიზანშეწონილობას, არამედ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რამდენად არის დაცული უცხოელი შრომითი მიგრანტების მინიმალური შრომითი უფლებები. მათი თქმით, არსებული ჩარჩო სუსტია ისეთი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ, როგორიცაა ექსპლუატაციისგან დაცვა, შრომის თავისუფალი არჩევანი, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და ღირსეული შრომის უზრუნველყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები