საქმიანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და კომპანია Grata DMC-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს საქართველოს MICE ინდუსტრიაზე ნეგატიური გავლენა უკვე აქვს.
როგორც ირმა კოდუამ BMG-ის განუცხადა, ავიარეისების გაუქმების გამო საქართველოში აპრილში დაგეგმილი არაერთი კორპორაციული ღონისძიება უკვე გაუქმდა.
მისი თქმით, საუბარია როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ავიამიმოსვლისთვის ტრანზიტად ამ რეგიონს იყენებენ.
ირმა კოდუა ამბობს, რომ თუკი რეგიონში არსებული სამხედრო კონფლიქტი მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება, მოლოდინია, რომ უკვე მაისის კორპორაციული ღონისძიებებიც გაუქმდება.
“რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები აისახება საქართველოზეც, ზოგადად ქვეყანაზე და განსაკუთრებით MICE ინდუსტრიაზე. რა თქმა უნდა, გვაქვს გაუქმებები. რაც უკვე ცალსახად ცნობილი არის, ეს არის აპრილის ღონისძიებები. რაიმე თუ იგეგმებოდა, მთლიანად უქმდება. რადგან აქ უფრო საშიშროებას წარმოადგენს არა თვითონ საქართველო, როგორც ქვეყანა, არამედ ფრენების შეზღუდვა. კორპორაციული კლიენტები ძირითადად ფრენებს ზღუდავენ ივნისის ჩათვლით. შესაბამისად, ამას ექნება თავისი ეფექტი. ვნახოთ როგორ აისახება მიმდინარე მოვლენები მაისის ღონისძიებებზე, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუმცა, ალბათ, თუ ერთ კვირაში ან ორ კვირაში რაღაც არ გამოსწორდა მდგომარეობა, სავარაუდოდ მაისის ღონისძიებებიც გაუქმდება. ღონისძიებები ძირითადად თბილისში უქმდება, ბათუმში უფრო მეტად მაისში არის ჩანიშნული.
[გაუქმებები არის] არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მაგალითად, ჩვენ გვქონდა მსხვილი კომპანიიდან, სინგაპურიდან შეკვეთა და ის სინგაპურიც გაუქმდა ფრენების შეზღუდვის გამო. უქმდება ის ღონისძიებებიც, რომელიც შეიძლება ახლო აღმოსავლეთიდან არ იყოს, მაგრამ ტრანზიტად იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთს. აქ უფრო მოქმედებს ფრენებზე შეზღუდვა, ვიდრე უშუალოდ საქართველოს, როგორც მიმართულების რეპუტაცია”, - განაცხადა ირმა კოდუამ.




























