საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პაატა გოგოლიძემ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის თავად გოგოლიძემ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, დაახლოებით, 2 კვირის წინ მიიღო.
„2005 წლიდან ვარ ამ პოზიციაზე. 13 წელი ვიმსახურე საჯარო სამსახურში და საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დავუტოვე ქვეყანას. ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი ამოვწურე სახელმწიფო სამსახურში“, - განაცხადა გოგოლიძემ და დასძინა, რომ საქმიანობას სავარაუდოდ, ბიზნესში გააგრძელებს.
BM.ge-ის კითხვაზე - ხომ არ უკავშირდება მის მიერ თანამდებობის დატოვება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას, გოგოლიძემ თქვა, რომ „ამ თემას პირადად არ უკავშირებს“.
„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ნორმალურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურა არის. ამჟამად 37 ხაზია მოქმედი და ეს ფარავს იმ მოთხოვნას, რაც დღესაა. ასევე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, კიდევ ემატება ახალი ცენტრები და ამაზე სახელმწიფო მუშაობს“, - აღნიშნა მან.
პაატა გოგოლიძის მერ თანამდებობის დატოვება BM.ge-ის ეკონომიკის სამინისტროშიც დაუდასტურეს, თუმცა მიუხედავად ამისა, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ცენტრის გენერალურ დირექტორიად ისევ პაატა გოგოლიძეა მითითებული.

























