აკვაკულტურის სექტორში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წყლის ტარიფები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობა გამოიკვეთა, - აღნიშნული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თევზის დაავადებების მართვას, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობას.
ლაშა დოლიძის განცხადებით, დარგში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამუშაო ჯგუფები შეიქმნება : „აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს, მათ შორის, წყლის ტარიფების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ლაბორატორიული მომსახურების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება და განსაზღვრულ ვადებში ვიმუშავებთ ეფექტიანი შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნა მან.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფები და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები. როგორც აღინიშნა, სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის თქმით, სახელმწიფო წყლის საფასურის 80%-ს დაასუბსიდირებს.
„სახელმწიფო სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის 80%-ს დაასუბსიდირებს. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერები მელიორაციასთან გააფორმებენ ხელშეკრულებებს, ჩვენი მხრიდან იქნება ვალდებულება, რომ წყლის მიწოდება განხორციელდეს სისტემატურად და მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამასთან, მნიშვნელოვანია წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და აღრიცხვიანობის გაუმჯობესება“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აკვაკულტურის სექტორის განვითარებისთვის აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე დანერგილია თევზის დაავადებების კვლევის თანამედროვე მეთოდები, რაც დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას უზრუნველყოფს და ფერმერებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შედეგებს სთავაზობს.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი.




























