მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალავერდის გუმბათის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა გახანგრძლივდა

ალავერდი

ალავერდის მამათა მონასტრის გუმბათის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახანგრძლივდა. შესაბამისი განკარგულება "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ჯეო ბილდს შორის 2024 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ალავერდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადა გაიზარდა და განისაზღვრა 2025 წლის 31 მაისით.

ცნობისთვის, გასული წლის ივნისში ალავერდში, მონასტრის ტერიტორიაზე ქარბორბალა ამოვარდა, რომლებმაც ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი გადახადა, ამასთან ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დაამტვრია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში კი დააზიანა კრამიტის სახურავი, ჩაიმსხვრა ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

მთავრობამ ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 300 000 ლარი გამოყო.

აღსანიშნავია, რომ ალავერდის საკათედრო ტაძარი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები