საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შპს „დუბექსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ალავერდის მონასტერში ფეიქარ-ხანის საზაფხულო რეზიდენციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 2026 წლის 24 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა. ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადად კი 2026 წლის 31 ივლისი განისაზღვრა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ცვლილება შეეხო 2024 წლის 20 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ალავერდის კომპლექსში შემავალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ხელშეკრულების სრული ღირებულება 2.3 მილიონი ლარია.
სააგენტოს განმარტებით, თავდაპირველად სამუშაოების შესრულების ვადა 2025 წლის 12 ივნისის ჩათვლით იყო განსაზღვრული. თუმცა, სარეაბილიტაციო პროცესში წარმოიშვა პროექტის კორექტირების აუცილებლობა, რაც თავდაპირველი გეგმით ვერ იქნებოდა გათვალისწინებული:
გუმბათის ნაწილი: შენობის გუმბათის ზედა ნაწილი მთლიანად ჩამონგრეული აღმოჩნდა და არ იძლევა თავდაპირველი სახით აღდგენის საშუალებას. პროექტში მისი აღდგენის დეტალური ნახაზი არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც სამუშაოები პროექტის კორექტირებამდე შეჩერდა.
კედლის საპირე წყობა: ნაკერების ამოსუფთავებისას დადგინდა, რომ არსებული, ამოგოზილი ხსნარი მარტივად იშლება, რაც წყობის ჩამოშლის რისკს ქმნის. ამიტომ, სამუშაოები შეჩერდა მანამ, სანამ პროექტის ავტორისა და კონსტრუქტორის მიერ არ მოხდება დოკუმენტაციის კორექტირება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტის კორექტირების საჭიროების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და ეს სრულად სარეაბილიტაციო პროცესზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მიზეზებით ვადის გაგრძელება უკვე განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 06 ივნისის N932 განკარგულების საფუძველზე (კერძოდ, 2025 წლის 24 ნოემბრამდე), პროექტის შემუშავების კომპლექსურობის გამო დოკუმენტაციის კორექტირება ამ ვადაში ვერ დასრულდა.
გამარტივებული შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია დაკორექტირებულია და შეთანხმების პროცესშია. დამატებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საჭიროა ფეიქარ-ხანის საზაფხულო რეზიდენციის იატაკზე მოჭიქული ფილების მოწყობა, რომელთა დამზადება-გამოშრობა 5-6 თვეს მოითხოვს.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სსიპ "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო" მიზანშეწონილად მიიჩნევს სამუშაოების შესრულების ვადად 2026 წლის 24 ივნისის, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადად 2026 წლის 31 ივლისის განსაზღვრას.


























