მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალაზნისთავი" ბიო სტანდარტების გუდის ყველის წარმოებას გეგმავს

5ae56ca82609b
მაია ბიწაძე
29.04.18 11:00
1655
პაატა აბულაძე ბიო სტანდარტების შესაბამისი გუდის ყველის წარმოებას გეგმავს. როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, ამისთვის ცხვარს გამოსაზამთრებლად თუშეთში დატოვებენ, რათა არ მოხდეს რძის მავნე ნივთიერებებითა და შხამქიმიკატებით დაბინძურება. პაატა აბულიძე კოოპერატივის ,,ალაზნისთავი“ დამფუძნებელია, რომელიც გუდის ყველს თუშური ტრადიციული მეთოდით ამზადებს და ამერიკაში ექსპორტზე და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. კოპერატივში 500-600 სული მეწველი ცხვარია.

,, ჩვენი საბოლოო მიზანია, ბიოყველის წარმოება, ამ მხრივ ჩვენი მთავარი ხელისშემშლელი პირობა არის ის, რომ როდესაც ცხვარი შემოდგომაზე მთიდან შირაქისა და ელდარის საძოვრებზე გამოსაზამთრებლად გადაგვყავს, ის დაბინძურებული ბალახით იკვებება, რადგან გადასარეკი ტრასა, რომლის გავლასაც ცხვარი ორი კვირას ანდომებს, სხვადასხვა შხამქიმიკატებითაა დაბინძურებული. გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როდესაც ცხვარი იწამლება და ავადდება, შესაბამისად, გვიწევს ამ დაავადებებზე მისი სხვადასხვა პრეპარატებით დამუშავება, ბიო პროდუქტის საწარმოებლად კი საჭიროა ცხვარი, როემლიც ყველანაირად სუფთაა.

ოდითგანვე თუშეთში რჩებოდა გარკვეული რაოდენობის ცხვარი და ძროხა გამოსაზამთრებლად, როდესაც იქ ადამიანი რჩებოდა. არ გაგვიჭირდება 500-600 სული საწველი ცხვარი შევინახოთ ჩვენს ზამთრის საძოვრებზე, რომელიც თუშეთში, სოფელ დოჭუშია. შემოდგომაზე გადავარჩევთ ცხვარს და ყველაზე სუფთებს და საუკეთსოებს თუშეთში დავტოვებთ გამოსაზამთრებლად. ამ ცხვრის მიერ მოცემული რძისგან ბიოლოგიურად სუფთა ყველის წარმოების შესაძლებლობა გვექნება, რადგან ისინი სუფთა საკვებით გამოიკვებებიან და ყოველგვარი შხამქიმიკატებისა და სხვა მავნე ზემოქმედებისგან დაცული იქნებიან“ - განაცხადა პაატა აბულიძემ.

როგორც თუში მეყველე განმარტავს, ბიოლოგიურად სუფთა ყველზე ევროპაში მაღალი მოთხოვნაა და მის რეალიზაციასაც სწორედ იქ აპირებენ.

,, მირჩევნია ვაწარმოო ცოტა და ხარისხიანი, რომელსაც მაღალი ფასი ექნება, ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება, რომ ევროპის ბაზარზე დაუბრკოლებლად შევიდეთ.

ჩვენი პროდუქტი შარშან, იტალიაში, ყველის მსოფლიო ფესტივალზე იყო წარდგენილი, სადაც ათასამდე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ყველი იყო გამოფენილი. იქ ჩვენმა ყველმა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესომ, ჯილდო დაიმსახურა. როდესაც აგემოვნებდნენ მას სპეციალისტები შვეიცარიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, ამბობდნენ, რომ თუ ეს ყველი ბიოსტანდარტის იქნებოდა, მისი გასაყიდი ფასი 100-120 ევროზე მეტი იქნებოდა“ - განაცხადა პაატა აბულიძემ. კოოპერატივი ,,ალაზნისთავი" ევროკავშირის პროექტის, ENPARD-ის მხარდაჭერით თუშეთში 2015 წელს შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები