კოოპერატივმა ,,ალაზნისთავის“ წელევანდელ სეზონზე 3 ტონით მეტი გუდის ყველი დაამზადა, ანუ 60%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს, ამის შესახებ Bm.ge-ს თუშმა მეყველემ და კოოპერატივის დამფუძნებელმა, პაატა აბულიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, წელს 8 ტონა გუდის ყველი აწარმოეს, საიდანაც 6 ტონა - ცხვრის, ხოლო 2 ტონა საქონლის ყველია.
,, ჩვენ სექტემბრის დასაწყისში მოვრჩით ყველის წარმოებას, ცხვარი მთიდან ბარში უკვე გადმოვრეკეთ და ყველიც ჩამოვიტანეთ. ჩვენ გუდის ყველის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია აღვადგინეთ და მას ცხვრის ტყავის გუდაში ვაკეთებთ. ვამზადებთ ტრადიციული სახეობის ყველს: ცხვრის, ძროხის, შრეულ და მდნარ გუდის ყველს, ცხვრის რძისგან დამზადებულ ყველს სვილობს ვუწოდებთ, ძროხისას - ლარტუშოს, შერეულს - დოვნას, ხოლო მდნარ გუდის ყველს ჩოგს. წარმოებული ყველის 50%-ს თბილისის სუპერმარკეტებში, 50%-ს კი ექსპორტზე ვყიდით. წარმოება 2016 წელს 3 ტონიდან დავიწყეთ, წელს კი 8 ტონა დავამზადეთ. თბილისის სუპერმარკეტებს, კილოგრამ ყველს, 23-დან 25 ლარის ფარგლებში მივაწვდით, მათი გასაყიდი ფასი კი სავარაუდოდ 27-30 ლარის ფარგლებში იქნება “ - განაცხადა პაატა აბულიძემ.
კოოპერატივის ,,ალაზნისთავი“ კუთვნილი ფერმა და ყველის საწარმო თუშეთში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის 2015-2016 წლებში ევროკავშირის, ENPARD - ის პროექტის ფარგლებში აშენდა, რომლისთვისაც 98 500 ლარის გრანტი გამოიყო. კოოპერატივში 11 წევრია გაერთიანებული, რომელთა უმრავლესობაც თუშია. კოოპერატივმა ყველის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აღადგინა და გუდის ყველის პოლიეთილენის პარკში დამზადების მეთოდი, რაც ბოლო 20-30 წელია აქტიურად გამოიყენებოდა, ძველი წესით ჩაანაცვლა.