სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე აქციები პირველ რიგში ადგილობრივ ტურიზმზე, შემდეგ კი საერთაშორისო ტურიზმზე მოქმედებს. როგორც მან გადაცემა „BMG Drive”-ში ისაუბრა არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ 2024 წლის პოზიტიური მოლოდინები ტურიზმში არ გამართლდეს დიდია.
„მიმდინარე მოვლენებმა, პირველ რიგში ყველაზე დიდი გავლენა ადგილობრივ ტურიზმზე იქონია, რადგან ჩვენი მოქალაქეები ქალაქგარეთ ხშირად მოგზაურობენ. სამწუხაროდ, ახლაც შეიმჩნევა, რომ ქვეყანაში დაძაბული ვითარება იქნება ეს თუ მიტინგები, პირველ რიგში ტურიზმს ურტყამს. მაგალითად Gori Inn-ზე, სადაც ძირითადად ქართველები გვსტუმრობენ უკვე აისახა, რადგან ახლა სხვადასხვა მიზეზების გამო - ზოგი მიტინგზე გადის, ზოგი ერიდება მოგზაურობას და ეს შესამჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ მაისი ტურისტულად უფრო აქტიური სეზონია ხოლმე.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, ამ აქციები ამ მიმართულებითაც ახდენს გავლენას, იმის მიხედვით სად, როგორ შუქდება საქართველოში მიმდინარე მოვლენები. არ ვიტყვი, რომ მთლად უქმდება ჯავშნები, თუმცა ისეთი აქტიური არ არის, როგორი უნდა იყოს და რა პროგნოზებიც გვქონდა. იმედი მაქვს, მდგომარეობა შეიცვლება. სამწუხაროდ, პროტესტი გრძელდება, მაგრამ ქართველებმა ყველაფერთა შეგუება ვიცით და თან ვმუშაობთ, თან ვცხოვრობთ. ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნა სასწაულად დაეცა, უბრალოდ შემცირება იყო 10-20%-ით“, - განმარტავს ერეკლე კოკაია.
სასტუმროების მმართველი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო 5 წელი ინდუსტრიისთვის რთული იყო და წელს დარგს დადებითი მოლოდინები ჰქონდა.
„ალბათობა არის, რომ 2024 წლის დადებითი ტურისტული მოლოდინები არ გამართლდეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში სფერომ ძალიან ბევრი ცუდი რამ გადაიტანა. წელს გვეგონა, რომ ყველაფერი მშვიდად იქნებოდა. ასეც ვითარდებოდა მოვლენები, ტურიზმიც იზრდებოდა და უცებ ხდება ისევ რაღაც... ერთი უბედურება რომ მთავრდება მეორე იწყება და ამას გავლენა აქვს. მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ტურიზმის სექტორს იმდენად დიდი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, რომ თუ პირდაპირ დასაქმებული არ ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეს არ გეხება. ირიბად ყველას ეხება ის თუ როგორ ვითარდება ტურიზმის ინდუსტრია და რამდენად წარმატებულია ის“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.