მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქმედება პროტესტის გამოსახატად ჩაიდინა - ადვოკატი

ელისაშვილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ელისაშვილმა ქმედება პროტესტის გამოსახატად ჩაიდინა. გიორგი რეხვიაშვილმა ამის შესახებ დიღმის იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის დღეს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ელისაშვილი მხოლოდ იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.

„მომეცა საშუალება დაკავებიდან 10 საათის შემდეგ დიღმის იზოლატორში შევხვედროდი ალეკო ელისაშვილს. მას აღენიშნება სახეზე მძიმე დაზიანებები, არის სასტიკად ნაცემი. ახლა გადმოგცემთ ალეკო ელისაშვილის პოზიციას - მან ეს ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად, პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ. „ცეცხლი ოლიგარქიას“ და „ცეცხლი უსამართლო სასამართლოს“, ეს სიტყვები გადმომცა. ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აირჩია შაბათი დღე, დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს იარაღის გამოყენების სურვილი ან მცდელობა არ ჰქონია.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.

დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს",- აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები