თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს აცხადებს, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილმა „ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. თუმცა ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბაბაევმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროვოკაცია მოუწყო. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს ძალადობრივად დააკავა.