თბილისის საქალაქო სასამართლომ "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პოლიტიკოსს ბრალი ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ინციდენტი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. გამოძიების ვერსიით შეიარაღებული და ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.
ჩაქუჩის გამოყენებით მან ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია შიდა სივრცეში.
"შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 ნოემბერს პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, გამთენიას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა.




























