მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალეკსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჯიკიჩი 2027

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალეკსანდრ ჯიკიჩთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის.

ფედერაციის პრესსამსახურის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შედეგად მიიღეს. ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება, კვლავ ჯიკიჩი გაწვრთნის. მსოფლიოს საკვალიფიკაციო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, 2027 წლის აგვისტო-სექტემბერში, ფინალური ეტაპი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენს ნაკრებს სწორედ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს.

აქვე გეტყვით, რომ მოახლოებულ ევრობასკეტზე, რომელიც 27 აგვისტოდან - 14 სექტემბრამდე კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება, NBA-დან საქართველოს ნაკრებში გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი იასპარეზებენ, ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა 24 მონაწილიდან ერთბაშად 15-ს უსწრებს. ლიდერები საფრანგეთი და სერბეთი არიან, რომელთაც NBA-დან შესაბამისად, 6 და 5 კალათბურთელი ჰყავთ გამოძახებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები