რეკორდი, რომელიც 31 წლის მანძილზე მიუწვდომელი იყო, ხელშეუხებელი აღარ არის. Washington Capitals-ის ჰოკეისტმა ალექს ოვეჩკინმა New York Islanders-ის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კარიერაში 895-ე შაიბა გაიტანა, რითაც NHL-ის ისტორიაში გატანილი შაიბების რაოდენობით უეინ გრეცკის რეკორდი მოხსნა.
გრეცკისაც და ოვეჩკინსაც რეკორდის დასამყარებლად ზუსტად ანალოგიური 1487 თამაშის ჩატარება დასჭირდათ. კიდევ ერთი დამთხვევა ისაა, რომ თავდაპირველად რეკორდი 801 გატანილი შაიბით გორდონ ჰოუის ეკუთვნოდა, რომელიც ამ მიღწევას 1963-დან 1994 წლამდე ანუ 31 წელი ფლობდა. მისი რეკორდი კი უეინ გრეცკიმ მოხსნა, რომელიც შედეგს 1994-დან 2025 წლამდე აკონტროლებდა. ისიც, ზუსტად 31 წელი. სოციალურ ქსელებში კი უკვე ხუმრობენ, რომ NHL-ის ბომბარდირობის რეკორდს გაუმჯობესება 2056 წელს მოუწევს.
აღნიშნული გოლი ოვეჩკინისთვის მიმდინარე სეზონში რიგით 42-ე იყო, რითაც მხოლოდ უილიამ ნაილენდერს (44 გოლი) და ლეონ დრაისაიტლს (52 გოლი) ჩამორჩება.
39 წლის ასაკში გრეცკი არის მეორე ყველაზე ხნიერი მოთამაშე, რომელმაც 40 შაიბის გატანა მოახერხა, რეკორდი კი გორდონ ჰოუის ეკუთვნის, რომელმაც ანალოგიური შედეგი 40 წლის ასაკში დააფიქსირა. ალექსის მიღწევას შთამბეჭდავს ხდის ის ფაქტიც, რომ ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში 16 თამაში გამოტოვა.
ამ ეტაპზე უეინ გრეცკი ინარჩუნებს პლეიოფსა და რეგულარულ სეზონში გატანილი გოლების ჯამურ რეკორდს, რომელიც 1016-ს შეადგენს, ოვეჩკინი ამ მიღწევას 49 შაიბით ჩამორჩება და დიდი შანსია, რომ ეს რეკორდი მომავალ სეზონში მოხსნას.
შეგახსენებთ, რომ რუს ჰოკეისტს მის ამჟამინდელ კლუბ “Washington Capitals”-თან ერთწლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი, საიდანაც $9,5 მილიონს მიიღებს.