ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარს მკვეთრი ვარდნის ტენდენცია აქვს. გასული 30 დღის განმავლობაში დოლართან მიმართებით ლარი დაახლეობით 10 თეთრით გაუფასურდა, 9 ივლისს კი, კურსმა ახალი ფსიქოლოგიური ბარიერი 2.90-ის ნიშნული გადაკვეთა.
სხვადასხვა ეკონომიკური პროგნოზების, მათ შორის TBC-ის მთავარი ეკონომისტის პროგნოზითაც კურსი შესაძლოა 3-ის 3.05-ის ნიშნულამდეც კი გაიზარდოს რის შემდეგაც ეტაპობრივი გამყარება არის მოსალოდნელი.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანი ალექსანდრე რაქვიაშვილი BMG-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ გაუფასურების მიზეზები რუსეთის ეკონომიკური სანქციების გარდა, ბოლო პერიოდში განვითარებულ სხვა მოვლენებშიც უნდა ვეძებოთ.
მათ შორის კი, რაქვიაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების შევსების პოლიტიკას ასახელებს. ამ მხრივ სებ-ის ნაბიჯებში რაქვიაშვილი გაზრდილი ინფლაციის მიზეზებსაც ხედავს.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა 2019 წლის იანვრიდან დღემდე სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით $165 მილიონი შეისყიდა, რის პარალელურადაც დანერგა სავალუტო ოფციონების ინსტრუმენტი. სებ-მა აღნიშნულ პერიოდში 650 მილიონი ლარის ($228 მილიონი დოლარის დღევანდელი კურსით) ოფციონებზე დადო კონტრაქტი, ფაქტობრივად, შესყიდული ოფციონები კი, 136 მილიონ ლარს (დღევანდელი კურსით $47 მილიონს) შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $200 მილიონი შეისყიდა.
"ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი დოლარი შემოდის ქვეყანაში და როგორია მოთხოვნა ამ დოლარებზე. ეს განპირობებულია ექსპორტით, გზავნილებით, ინვესტიციების დინამიკით, ეროვნული ბანკის პოლიტიკით. ამ პროცესში ყველა ადამიანი არის ჩართული ფაქტობრივად.
როდესაც ხდება რეზერვების შესყიდვა, ლარის მასა იზრდება ეკონომიკაში, ეს იწვევს ფასების ფასების ზრდას. ზოგადად რეზერვების არსებობა საჭიროა, მაგრამ საჭიროა იმ გაგებით, რომ ომი თუ იქნება, ან თუ გლობალური კრიზისი მოხდება ქვეყანას ჰქონდეს ეს რეზერვი. ეს მთავრობისთვის უნდა იყოს და არა ეროვნული ბანკისთვის.
მონეტარული პოლიტიკის ჭრილში რეზერვების შექმნა უფრო დესტრუქციულია, ვიდრე - პოზიტიური. ინფლაცია თავიდან ბოლომდე განპირობებულია მონეტარული პოლიტიკით. არანაირი სხვა ახსნა ამას არ აქვს და ვერც ექნება. ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად, სტაბილურად ზრდის ლარის მასას ეკონომიკაში და ეს არის მიზეზი თუ რატომ იზრდება ფასები", - ამბობს რაქვიაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში მიმოქცევაში არებული ნაღდი ფულის მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3,606,059,000 ლარს შეადგენს. ბრუნვაში არსებული ლარების მოცულობა იანვრიდან მოყოლებული 9.6%-ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია ვიწრო ფულის M1-ის მოცულობაც და ის 6,991,170 ლარს შეადგენს. ზრდამ ბოლო 6 თვეში 16.3% შეადგინა.

























