„საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით თხილის კარგი მოსავალია. მოწერელია ამბობს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მოსახლეობა შეწამვლის პროცედურებს სწორად ახორციელებს, რისი წყალობითაც, აზიური ფაროსანას მიერ მოსავლის გაფუჭების საფრთხე შემცირებულია.
„ფაროსანას აქტივობა ძალიან დაბალია და საფრთხე ამ დროისთვის არ არის. დიდი ბრძოლა მიდის ცალკე სახელმწიფოსა და ცალკე მოსახლეობის მხრიდან. სწორი სტრატეგიაა არჩეული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სოკოვანი დაავადებების კუთხით რა მდგომარეობა იქნება. წელს ნალექების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ნაკლებია და შესაბამისად, სოკოვანი დაავადებებიც ნაკლებ პრობლემური უნდა იყოს.
ზუსტი სურათი 1თვის შემდეგ გვეცოდინება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მოვლენები კარგად ვითარდება. ყველა რეგიონში თითქმის ერთნაირი მდგომარეობაა. მსხმოიარობის კუთხითაც კარგი მოსავალი გვაქვს და თუ დღეს არსებული მდგომარეობით ვიმსჯელებთ, დაახლოებით, 65-70 ათასი ტონა გაუტეხავი თხილი უნდა მივიღოთ. რამდენი იქნება დაზიანება ჯერ რთული სათქმელია, თუმცა შარშან ამის ნახევარი გვქონდა.“ - უთხრა BM.GE-ს მოწერელიამ.

























