ალექსანდრე თამაზაშვილი სიძის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებას ეხმიანება და საჯარო რეესტრის ამონაწერს აქვეყნებს.
"როგორც პროკურატურა ამტკიცებს, დანაშაული 2023 წელს მოხდა, ხოლო მოწმე ზურაბ ტუკვაძის მიერ გადაცემული თანხის ნაწილი, რამდენიმე ეტაპად, ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა.
ეს გახლავთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ იმავე 2023 წელს მოწმე ტუკვაძემ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა.
სავარაუდოდ, ამ სახლის რამდენიმე ოთახი ქრთამის სახით მიუტანა და გადასცა ირაკლის - ჯუანშერ ბურჭულაძემ", - წერს თამაზაშვილი.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს და ამ პროცესის შედეგად ირაკლი ღარიბაშვილისთვის 750 000 ლარის ქრთამის გადაცემას ეხება.
პროკურატურის ვერსიით, ქრთამის თანხა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გავლით მივიდა. გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვებისას კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა, რამაც სახელმწიფოსთვის საქონლის რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასის გადახდა გამოიწვია.
ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება კი, პროკურატურის მიერ მითითებული კვალიფიკაციით, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























