საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია. „ტვ პირველთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ რიჟვაძე გერმანიაში დამატებითი მკურნალობისთვის წავიდა და დარწმუნებულია, რომ ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. ალექსი ახვლედიანი, რომელიც რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, შემდეგ კი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ამბობს რომ თორნიკე რიჟვაძის ჩვენება მისთვისაც მნიშვნელოვანია.
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორეს გასაკეთებლად წავიდნენ, გერმანიაში საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის მერე კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა.
პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში.
მანამდე ამ პრობლემასთან დაკავშირებით ის გერმანიაში იყო, შემდგომ აპირებდა იგივე კლინიკაში დაბრუნებას, შემდეგ რადგან თურქეთში მოხვდა, იქვე გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ მაინც გაუმეორდა სითხის ჩადგომა, - უთხრა “პირველებს“ ახვლედიანმა და დასძინა, რომ რიჟვაძესთან პირადად არ უსაუბრია, რადგან მას ტელეფონი არ აქვს და ეს ინფორმაცია ახლობლებისგან აქვს.
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, შემდეგ კი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნით მოხდა.




























