საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან მას შემდეგ, რაც საგარეჯოში, მის სახლში, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სწორედ სასამართლოსთან გააკეთა მან ჟურნალისტებთან კომენტარი, სადაც შემთხვევის დღე გაიხსენა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თორნიკე რიჟვაძეს დიპლომატიურ სამსახურში სურდა კარიერის გაგრძელება, კერძოდ დიდ ბრიტანეთში ელჩად წასვლა, რაზეც პრემიერისგან თანხმობა მიიღო.
"საღამოს 17:00 საათზე დამიკავშირდა თორნიკე. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები ვართ. ჩვენ, ფაქტობრივად, ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს მისთვის იყო აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იმ პერიოდშიც კი, როდესაც მე არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა, რჩებოდა.
დამიკავშირდა, მთხოვა, რომ მეორე დღეს ორშაბათი იყო, აქ თათბირი მქონდა და მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 18:00 საათზე, როგორც შევთანხმდით გაუარა ჩემმა მძღოლმა და ჩვენ წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს. ერთს ვუთხარი, რომ ღვინო მოეტანა, მეორეს ვუთხარი, რომ საკვები შეეკვეთა. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში - საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი დავითი. იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი. დაახლოებით ბოლო წელიწადი, წელიწად-ნახევარი, თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, რადგან ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ უკვე იმ შემართებით ვერ ვარო. მისი ეს სურვილი ბოლოს განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საშუალება მქონდა, შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს როგორც კი ჩაამთავრებდა უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც სიხარულით ვეუბნებოდი, რომ თბილისში გადავიდეთ, მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს. მაგრამ, მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მე დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად არ მიკითხავს. მაგრამ, როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდეგ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა",- ამბობს ალექსი ახვლედიანი. ახვლედიანის თქმით, ის რიჟვაძეს ურჩევდა, რომ პრემიერისთვის ეთხოვა, ბრიტანეთის ნაცვლად ჩეხეთში წასულიყო ელჩად, სადაც თავად ახვლედიანს მჭიდრო კავშირები აქვს.
მან ასევე უპასუხა კითხვას მამუკა მდინარაძის შესახებ, კერძოდ ინფორმაციაზე რომ შემთხვევის დღეს ის საგარეჯოში იმყოფებოდა, რაზეც ახვლედიანი ამბობს, რომ მდინარაძეს პირადად არ იცნობს.
მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძეზე რაიმე ზეწოლა არ ყოფილა. ახვლედიანი ამის არგუმენტად მათ შორის იმას ასახელებს, რომ რიჟვაძე თავისუფლად გადაადგილდებოდა და შემთხვევამდე მეუღლესთან ერთად, გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული.
"მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთ პერიოდში გვიმუშავია. სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი.
რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ჰქონოდა ზეწოლა? - მე, მამამისს თუ მის სიძეს?!
თორნიკეს ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა. ვთქვათ, დაიწერა რამე, მას ეჭირა ტელეფონი და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის, კომენტარის, კომენტარს. ზუსტად მაგას ვეუბნებოდი, თორნიკე, ეს შენ გადაგიყვანს ჭკუიდან. არ შეიძლება ეს, რადგან მილიონი უსაქმურია, მილიონი გაბოროტებული ადამიანია. ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, მას უპირებდნენ ელჩობას?",- ამბობს ალექსი ახვლედიანი.
რაც შეეხება ჰქონდა თუ არა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც თურქეთში გადაიყვანეს, ალექსი ახვლედიანის განმარტებით, მასთან კომუნიკაცია საკმაოდ შეზღუდულია ოჯახის წევრებისთვისაც.
„როგორც მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ის ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძემ ტელეფონზე თავად დაურეკა, თუმცა, არაფერი უთქვამს, რის შემდეგაც მასთან ოთახში შევიდა და გათიშული დახვდა. ახვლედიანი ფიქრობს, რომ როცა რიჟვაძემ დაურეკა, ჯერ ნასროლი არ ჰქონდა.
"რაც შეეხება იმ დღეს, ვინაიდან დილით ადრე უნდა წამოვსულიყავით, მძღოლი 08:00 საათზე მყავდა დაბარებული. შევედით. ერთ მხარეს არის მისი საძინებელი, სადაც ყოველთვის ის რჩებოდა, მეორე მხარეს ცენტრალურ ოთახში შესასვლელია და იქვე ჩემი საძინებელიც. დავისვენოთო რომ ვთქვით, გამოვედით და მთხოვა, რომ საფერფლე და სიგარეტი მომეციო. სიგარეტი მედო იმ მაგიდაზე, რომელიც დიდ ოთახშია. შევედით, მე მივეცი, ის გავიდა და შევედი ტუალეტში. ამ დროს ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ჩავრთე დასატენად. ტუალეტში ვარ, რამდენიმე წუთში მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ჰო, ძმაო გისმენ, გისმენ-მეთქი. ხმა არ გამცა. გავთიშე, გადავურეკე და აღარ იღებდა. რომ არ იღებდა, გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება, მერე... გასროლის ხმა არ გამიგია, ძალიან შორს იყო. კლინიკაში მე წავიყვანე, გონზე არ იყო“, - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა. ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მისივე თქმით, საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზა მოპოვებულია, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ არის შესრულებული. კითხვაზე, რიჟვაძის წერილში მოყვანილ გარემოებებზე, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა, არის თუ არა დადგენილი, ვისი მხრიდან, პროკურორი პასუხობს, რომ „კონკრეტული პირები იდენტიფიცირებულები არ არიან“. მისივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში იმყოფება, მკურნალობას გადის და ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ახვლედიანი 8 ივლისს სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.




























