Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე - Alibaba.com კომპანიების განთავსება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოხდება.
პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით - ერთგვარი ვერიფიკაციით, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ მყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ Alibaba.com-ზე განთავსება ქართულ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.
მათივე ცნობით, პლატფორმაზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ელექტრონულ პლატფორმაზე წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება/შერჩევა მოხდა. მეორე ეტაპზე კი, Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენილი კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხარდაჭერით მოხდება კომპანიების გადამზადება, რის შემდეგაც მათი პლატფორმაზე განთავსება დაიწყება.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, ელექტრონული კომერციის წამყვანი პლატფორმის წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას გაეცნობიან.
ინფორმაციისთვის, Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმა მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა კომერციის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რაც ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში ეხმარება.



























