ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიან ყარაბაღში 24 საათიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ აცხადებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი აღდგენილია.
ამას გარდა, ალიევმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეაქო და თქვა, რომ ახლა მისი მიზანია რეგიონი სრულად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცეს.
აზერბაიჯანმა რეგიონზე 19 სექტემბერს დაიწყო შეტევა, რომელსაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ რეგიონში სომხეთის შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან.
სომხური მხარის ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანია მოკლული მათ შორის, 7 სამოქალაქო პირი, ხოლო 200 დაიჭრა. ყარაბაღის ხელისუფლების ცნობით კი დაიღუპა სულ მცირე 200 ადამიანი, 400 კი დაიჭრა.
აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულად თვლიდა და ითხოვდა მათ დაბრუნებას. წლების განმავლობაში რეგიონის გარშემო ორი ქვეყნის დაპირისპირება ორი ომით დასრულდა. 2020 წელს 40-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის გარკვეულ ტერიტორიასა და მის მომიჯნავე შვიდ რაიონზე.