აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთი ღიად დაადანაშაულა - ინფორმაციას RBC ავრცელებს.
„პირველი ვერსიები საკმაოდ გონივრულია და ფაქტებზეა დაფუძნებული. ფაქტები, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი გარედან დაზიანდა რუსეთის ქალაქ გროზნოსთან და ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი გამოუსადეგარი გახდა ელექტრონული ომის გამო. ეს არის თვითმფრინავის პირველი დაზიანების წყარო. ამავდროულად, თვითმფრინავის კუდის ნაწილი ასევე ძლიერ დაზიანდა მიწიდან გაჩენილი ხანძრის შედეგად.
რა თქმა უნდა, აქ მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ შეიძლება. ამიტომ, დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დროული ბოდიშის მოხდა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ გაბრაზებული და გაკვირვებულია რუსეთის მიერ ავიაკატასტროფის შემდეგ გაჟღერებული პირველადი ვერსიით.
„ერთ-ერთი, რამაც გაგვაბრაზა და გაგვაკვირვა, იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა გაზის ბალონის აფეთქების ვერსიები წამოაყენეს. ანუ ეს ღიად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურს საკითხის გაჩუმება და ეს, რა თქმა უნდა, არავის პატივს სცემს“, - განაცხადა ალიევმა.
მან ასევე თქვა, რომ „გასცა დირექტივა“ გაურკვეველი დროით შეჩერდეს AZAL-ის ფრენები რუსეთში. ამავდროულად, გროზნოში ფრენები საერთოდ არ განახლდება.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით, Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა, რომ წინასწარი გამოძიების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.
ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, მათ შორის რუსეთის შვიდი მოქალაქე. გადარჩა 29 ადამიანი.
ალიევმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ Embraer 190 რუსეთის საჰაერო სივრცეში გარე ზემოქმედებას განიცდიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ "ავიაკატასტროფა რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა." აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბაქოს ინიციატივით, ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად.